“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ სანამ პარტიას დატოვებდა, ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა ე.წ. ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა. ამ შეხვედრას კი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.
ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წევრიანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. მაშინ ამ სიის წარდგენას მოჰყვა დაპირისპირება მმართველ გუნდში, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად პარტია დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი – ამბობდნენ, რომ ეს იყო სასამართლოში გაბატონებული ე.წ. კლანის სია. საბოლოოდ, ეს სია უკან გაიწვიეს და პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია.
ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ ამ სიას პარლამენტში არ გაატანინებდა და თუ საჭირო იქნებოდა, გადადგებოდა.
“იმ დღეს მასაც [თამარ ჩუგოშვილს] იგივე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც მე. მე გამიკვირდა, სად წავიდა ეს პოზიცია”, – თქვა ეკა ბესელიამ. დეპუტატის თქმით, ამ შეხვედრის შესახებ საჯარო საუბარზე არ შეთანხმებია თამარ ჩუგოშვილს.
“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს და დაადასტურებს ამას”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში.
ნეტგაზეთი ცდილობს თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებას. დარეკვის რამდენიმე მცდელობის შემდეგ დეპუტატმა ტელეფონი გათიშა.
განახლება 10:00
ჩუგოშვილის პასუხი ბესელიას ინფორმაციაზე ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ