ახალი ამბები

„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“ — ევროკავშირი ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე

26 სექტემბერი, 2019 •
„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“ — ევროკავშირი ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან შესაძლებლობას უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა აქტორი კონსტრუქციულად უნდა იყოს ჩართული [საუბარში], რათა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.

2019 წლის 26 სექტემბერს, — 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, — საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს. როგორც შვეიცარიის საგარეო უწყებამაც დაადასტურა, ინიციატორი შვეიცარიის ფედერაცია იყო.

„შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა განეხილათ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, შეესუსტებინათ დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, და მიექციათ ყურადღება ამ დაძაბულობის მოქალაქეებზე გავლენაზე. დიალოგი არის დავის მშვიდობიანად მოგვარების გასაღები, რასაც ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს“, — წერია 26 სექტემბრის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

სპიკერის თანახმად, „მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორი ჩართული იყოს კონსტრუქციულად, რათა საქართველოში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას სიტუაცია შეუმსუბუქდეს. სწორედ მათგან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, დაცული იყოს“.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშიროსოდ აღიარებულ საზღვრებში“, — წერია განცხადებაში.

ნახეთ ასევე:

პირველი შესაძლებლობა, პირდაპირ გვეთქვა სათქმელი — ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი