ახალი ამბები

ტყიბულში ახალი ინვესტორი შედის, ხელფასები ორშაბათიდან გაიცემა – მინისტრი

26 სექტემბერი, 2019 • 1522
ტყიბულში ახალი ინვესტორი შედის, ხელფასები ორშაბათიდან გაიცემა – მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტყიბულში მეშახტეებისთვის ხელფასის მიცემა რამდენიმე დღეში მოხდება.

როგორც თურნავა შახტების ამჟამინდელი მმართველი კომპანიის (საქნახშირი) წარმომადგენლებთან და რამდენიმე გაფიცულ მეშახტესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, შახტი მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში განაახლეებს.

“გაფიცულებმა აქცია შეწყვიტეს და დღეიდან ინვესტორი კომპანია, რომლის მფლობელობაშიც ეს შახტები გადავა, საქმიანობას დაიწყებს. ისინი მზად არიან ორშაბათიდან დაიწყონ სახელფასო დავალიანების გაცემა. გარდა ამისა, ერთ თვეში დაიწყება ქვანახშირის მოპოვება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წელიწადზე მეტია შახტები გაჩერებულია. ამასთან, უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოება და გადაიარაღება. სახელმწიფო გააკონტოროლებს, რომ დღეს გაჟღერებული დაპირებები შესრულდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და კომპანიამ უსაფრთხოების სტანდარტებზე ვალდებულება აიღო “,-განაცხადა თურნავამ.

შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავა ტყიბულის მერიის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა სიახლის გასაცნობად.

მისივე თქმით, საქნახშირმა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოიძია ინვესტორი (Steel International trade Company), ხოლო რა ფორმით ითანამშრომლებენ ეს კომპანიები ახალ ინვესტორთან, თურნავა ამბობს, რომ ეს თავად კომპანიების საქმეა. თურნავას თქმით, კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა მას პარტნიორები ჰყავს უკრაინაში.

“იქნება ეს სრული გადაბარება თუ პარტნიორობა, ამაზე შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. ჩვენთან პასუხისმგებლობა ინვესტორმა აიღო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი