ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს არ შეხვდა.
აქციის მონაწილეები უშუალოდ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ელოდნენ, თუმცა რამდენიმე წუთის წინ აქციაზე მხოლოდ ტყიბულის დეპუტატი, ელგუჯა გოციროძე შეხვდა.
გოცირიძის თქმით, შახტების პრობლემის საკითხის საჯარო განხილვა საპროტესტო აქციის ყველა მონაწილესთან ერთად უშედეგო იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა განხილვაში მხოლოდ ნაწილს მიეღო მონაწილეობა.
დეპუტატის ამ შეთავაზებას აქციაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ ცალკეულ ჯგუფებს არ ენდობიან და შიშობენ, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფს ხელისუფლება ,,გადაიბირებს”. მეშახტეები აცხადებენ, რომ სხვა აქციების დროსაც ხელისუფლება პროტესტის მონაწილეთა მცირე ჯგუფთან შეხვედრებით შემოიფარგლებოდა, რაც პრობლემების მხოლოდ დროებით მოგვარებით მთავრდება ხოლმე.
ტყიბულის დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე შახტისკენ გაემართა, სადაც 40 მდე გაფიცული მეშახტე შახტშია ჩასული და, სავარაუდოდ, აქ მოხდება პროტესტის მხოლოდ რამდენიმე მონაწილისა და ნათია თურნავას შეხვედრა შეთანხმების მისაღწევად.
განახლება 18:40
საბოლოოდ ნათია თურნავა შახტების მმართველი კომპანიის ადმინისტრაციაში შეხვდა კომპანიის, მომავალი ინვესტორისა და მეშახტეთა წარმომადგენლებს. შედგა შეთანხმება, რომელიც მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო შემდეგ კი ტყიბულის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათაც შეატყობინა. აქცია დაიშალა.
ტყიბულში უკვე მესამე დღეა, რაც მეშახტეთა აქცია მიმდინარეობს. მათი პროტესტი 24 სექტემბერს დაიწყო. 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).
მეშახტეები ამბობენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია შახტები არ მუშაობენ, ხელფასი კი მათ უგვიანდებათ. ამ უკანასკნელის გარეშე კი ცხოვრებისთვის აუცილებელი სურსათის ყიდვა არ შეუძლიათ. მეშახტეთა უპირველესი მოთხოვნა სწორედ ხელფასის დროული დარიცხვაა.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ შეხვდნენ მთავრობისა და საქნახშირის წარმომადგენლებს, რათა “ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მეშახტის მდგომარეობა“.