ახალი ამბები

“ვკეტავთ და გამოვდივართ”- მაღაზიის გამყიდველები ტყიბულელი მეშახტეების პროტესტს უერთდებიან

26 სექტემბერი, 2019 • 2352
“ვკეტავთ და გამოვდივართ”- მაღაზიის გამყიდველები ტყიბულელი მეშახტეების პროტესტს უერთდებიან

ტყიბულის ცენტრში მეშახტეთა აქცია ხელფასებისა და ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების აღდგენის მოთხოვნით დღს, 26 სექტემბერს განახლდა. პროტესტს უერთდებიან სკოლები, ბაღები და მაღაზიის გამყიდველები, რომლებიც ამ წუთებში მაღაზიებს კეტავენ და აქციისკენ მიემართებიან.

ლალი კაკუშაძე ყავას ფქვავს. მის მაღაზიაში 100 გრამი ყავის დაფქვა 2 ლარი ღირს, მეშახტეეებს კი ამ მცირედის გადახდის საშუალებაც აღარ აქვთ და ყავის გამყიდველის რვეული მათი “ნისიებითაა” სავსე.

“უკვე რამდენი ხანია, მეშახტეებს მხოლოდ ყავა მიაქვთ ნისიად და ტკბილეულის ან რამე სხვა სასუსნავის ყიდვის უფლებას ვერ აძლევენ თავს. ტყიბული მკვდარია შახტის გარეშე” – უთხრა ნეტგაზეთს ლალი კაკუშაძემ.

ნანა ბრეგაძე ძველმანების მაღაზიის გამყიდველია ტყიბულში, ამ ქალაქში მხოლოდ ამგვარი ტანსაცმლის მაღაზიებია, ახალი ტანსაცმლის მაღაზიას აქ ვერსად შეხვდებით. ნანას მეუღლე მეშახტეა და პრობლემა პირადად ეხება.

“მეშახტეა ჩემი ქმარი, მაგრამ რომც არ იყოს, მაინც დავკეტავდი მაღაზიას და გამოვიდოდი აქციაზე. ხუთი ლარი მაქვს დღეში ხელფასი, არ მინდა ეს ხუთი ლარიც, ვკეტავ მაღაზის, როგორც ყველა” ,-  გვითხრა ნანა ბრეგაძემ.

სათამაშოებითა და წვრილმანებით მოვაჭრე ნანა ივანეიშვილი ნისიების რვეულს გვიჩვენებს და გვთხოვს გადავიღოთ.

“ლარიან მაღაზიაში ვმუშაობ და ამას ვერ იხდის ხალხი. ჩემი რვეული ნისიებითაა სავსე, მეშახტეების ხელფასს მარტო მეშახტეები კი არა, მაღაზიები, სკოლები, ბაღები, ყველა ველოდებით, ყველა ამ გასამრჯელოზეა ჩამოკიდებული, მთელი ქალაქი. მივმართავ ხელისუფლებას, მოგვიხერხონ რამე ან გამოგვაცხადონ ლტოლვილებად და გაგვასახლონ ამ მკვდარი ქალაქიდან, სოლიდარობა მეშახტეებს!” ,- ამბობს ნანა ივანეიშვილი.

მაღაზიების სხვა გამყიდველების მსგავსად, ამ წუთებში მაღაზიას ისიც კეტავს და მეშახტეთა საპროტესტო აქციას უერთდება.

ტყიბულში მაღაზიის გამყიდველებს როცა ვეკითხებოდით, აისახა თუ არა მათზე ტყიბულის შახტის კრიზისი, ისინი პასუხად გვაჩვენებდნენ “ნისიების” რვეულს.

ნისიების რვეული. ფოტო: თამარ ნერგაძე/ნეტგაზეთი

ნისიების რვეული. ფოტო: თამარ ნერგაძე/ნეტგაზეთი


ტყიბულში უკვე მესამე დღეა, რაც მეშახტეთა აქცია მიმდინარეობს. მათი პროტესტი 24 სექტემბერს დაიწყო. 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).

მეშახტეები ამბობენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია შახტები არ მუშაობენ, ხელფასი კი მათ უგვიანდებათ. ამ უკანასკნელის გარეშე კი ცხოვრებისთვის აუცილებელი სურსათის ყიდვა არ შეუძლიათ. მეშახტეთა უპირველესი მოთხოვნა სწორედ ხელფასის დროული დარიცხვაა.

გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ შეხვდნენ მთავრობისა და საქნახშირის წარმომადგენლებს, რათა “ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მეშახტის მდგომარეობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი