საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობა უმთავრესი გამოწვევა და, შესაბამისად, პრიორიტეტია.
“ომი და კონფლიქტები ჩვენი ისტორიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს არაერთი დამპყრობელი ახსოვს. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, თავისი არსებობის მანძილზე 26- ჯერ გადაუწვავს მტერს; მისი ტერიტორია ხშირად იყო დაპყრობილი როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში; პერიოდულად რელიგია და თვით ქვეყნის იდენტობაც აქტიურად იდევნებოდა, მაგრამ იგი გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე. სწორედ ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესზე და იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. მან აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღური ცხოვრების ნაწილია, ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა.
“ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა, რომელიც აღარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები კავკასიას “ენათა მთად” მოიხსენიებდნენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირები და ლტოლვილები უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს.
“ომის ტრაგედიაზე ჩვენი პასუხი მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს: ჩვენი პასუხი ითვალისწინებდა ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარების უზრუნველყოფას. ეს ყოველივე მიღწეული იყო იმის შედეგად, რომ ჩვენ ვასრულებთ გაცემულ პირობას და პატივს ვცემთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის მახლობლად არანაირი სამხედრო ძალები არ გვყავს განთავსებული. აგრეთვე საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე. ჩვენი პასუხი იყო გაწვდილი ხელი – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს, იმ შემთხვევებში, როდესაც მათ ხელს არ უშლიან და არ უკრძალავენ, ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შეღავათებზე, ისარგებლონ ბიზნეს-შესაძლებლობებით და მონაწილეობა მიიღონ, თუნდაც არაპირდაპირ, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენი პასუხი ღიაობასა და ტოლერანტობას გულისხმობს”, – აღნიშნა მან.
ზურაბიშვილის თქმით, გასულ წელს საქართველომ 1 500 000 რუსი ტურისტი მიიღო და არცერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
“ჩვენი პასუხი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ჩვენ მიერ დასახულ გზაზე წინსვლას გულისხმობს. ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით. გარკვეულწილად ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე. მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და დიპლომატია.
“ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პირველ რიგში, საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა და აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა.
“საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას. ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა იქნას გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში; რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება მიეცეს, დაკვირვება განახორციელოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ეს თავის დროზე იქნა შეთანხმებული. დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რამაც კონფლიქტის ეფექტურ მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს. ასევე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახალმა კონფლიქტებმა ძველი არ უნდა დაგვავიწყოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა..