ახალი ამბები

ინიციატივა – ინტერნეტით შეძენილი ათას ლარამდე ღირებულების ნივთი არ უნდა განბაჟდეს

16 მარტი, 2015 •
ინიციატივა – ინტერნეტით შეძენილი ათას ლარამდე ღირებულების ნივთი არ უნდა განბაჟდეს

camex აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რამაც ამერიკიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან პროდუქციის შეძენა-ტრანსპორტირების გაძვირება გამოიწვია, ხოლო ამ მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტორიც, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილები.

 

კომპანიის გათვლით, ლარის დევალვაციის გამო მომხმარებელს უწევს 120 დოლარამდე ღირებულების პროდუქცია განაბაჟოს მაშინ, როცა ლარის გაუფასურების პროცესის დაწყებამდე მომხმარებლებს 160-170 ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა განბაჟების გარეშე შეეძლო.

Camex.ge აცხადებს, რომ ამისთვის საჭიროა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ო“ პუნქტში შევიდეს ცვლილება და 300 ლარის ნაცვლად განბაჟებას დაექვემდებაროს 1000 ლარზე ზევით ღირებულების საფოსტო გზავნილები.

კომპანია აცხადებს, რომ საქართველოში განსაბაჟებელი პროდუქციის ღირებულების ლიმიტი რეგიონში ყველაზე დაბალია – აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 960 ამერიკული დოლარის ექვივალენტს, რუსეთში კი 1000 დოლარის ექვივალენტს შეადგენს.

ინტერნეტვაჭრობა
ინტერნეტვაჭრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი