ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ხმა მივეცი პრეზიდენტს, რომელიც პატიოსნად არაფერს შეგვპირებია” – აფხაზური არჩევნებიდან 

24 სექტემბერი, 2019 • 1659
“ხმა მივეცი პრეზიდენტს, რომელიც პატიოსნად არაფერს შეგვპირებია” – აფხაზური არჩევნებიდან 

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


“პოლიტიკოსების ამდენი ტყუილისგან დაღლილმა, ცხოვრებაში პირველად გავიგე საპრეზიდენტო კანდიდატისგან, რომ ვერაფერს შეგვპირდება. სწორედ მისმა პატიოსანმა ნათქვამმა მიბიძგა, რომ მისთვის ხმა მიმეცა.

საზოგადოებასთან შეხვედრებზე სულ იმეორებდა, რომ ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი ხდება და სწორი გზით მივდივართ. რაც შეეხება რეფორმებს ან ხელფასებისა და პენსიების ზრდას, მსგავსს არაფერს შეგვპირებია”, – ამბობს სოხუმელი პენსიონერი მარინა კობახია. 

ის, რომ აფხაზებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსახლეობას უკვე ნათლად ჰქონდა და აქვს კიდეც გააზრებული. სწორედ ამიტომ, არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციის დამარცხებული კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე ბევრი არ მისულა.  მით უმეტეს, თუ მაგალითად, 2014 წლის მაისის ფართომასშტაბიან აქციებს გავიხსენებთ. 2019 წლის არჩევნების შემდგომ გამართულ აქციებზე ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად 500-მდე ადამიანი მივიდა.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხს პროტესტის სურვილიც აღარ აქვს. 

“პრეზიდენტი და მინისტრები თუ არ გვეყოლება, ვერც შევამჩნევთ”, – ამბობს ინა, სოხუმის მკვიდრი. ინას საკუთარი სურსათის მაღაზია აქვს, რითაც მთელ ოჯახს არჩენს, გადასახადებს იხდის და ხშირად ვადაგასულ პროდუქტსაც ყიდის. 

“ხელისუფლება სულ გვატყუებს და ჩვენც ტყუილს გვასწავლის. მეც ზუსტად იგივე სქემით ვმუშაობ, როგორც ისინი. არ გვჭირდებიან ეს უსაქმური ჩინოვნიკები რამეში. მხოლოდ სავარძლებში მყოფი ადამიანების სახეები იცვლება, ჩვენი ცხოვრება კი უცვლელი რჩება”.

წინა წლებში, განსაკუთრებით 2004 წელს, როდესაც ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა პოლიტიკური მოვლენები და პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის იმპიჩმენტი მოითხოვეს, გალში მცხოვრები ქართველების სახით საერთო მტრის ხატის გარშემო გაერთიანდა დანარჩენი აფხაზეთი. ამავე დროს, სწორედ გალელებისთვის ახალი პასპორტების შემოღების წესმა დააგდო მოგვიანებით რაულ ხაჯიმბას რეიტინგი, რომელიც ანტისახალხო პრეზიდენტად შერაცხეს.

მაშინ ხალხს მესამე ძალის გამოჩენის იმედი გაუჩნდა, რასაც ვერ ეღირსა. ოპოზიციაში კი ისევ ძველი ჩინოვნიკები და ის ახალგაზრდა დეპუტატები არიან, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო პროგრამები და მათი მიზანიც ნათლად ჩანს – ბიუჯეტთან უფრო მეტი წვდომა. სწორედ ამიტომ, ხალხი ვინმეს მხარდასაჭერად აღარ მიდის არც არჩევნებზე და არც შემდგომ მიტინგებზე. 

აფხაზეთში არჩევნების სეზონი ქორწილების სეზონმა ჩაანაცვლა

აფხაზი პოლიტიკოსებით იმედგაცრუებული მოსახლეობა არჩევნების შემდგომი სასამართლო პროცესების ჭრილში აღარ კარგავს დროს პოლიტიკურ დისკუსიებზე. პოლიტიკაზე საუბარმა ფეისბუკისა და ინსტაგრამის აფხაზ მომხმარებლებში პოლიტიკა ჩაანაცვლა ქორწილებში [სექტემბერში ქორწილების სეზონია აფხაზეთში] გადაღებულმა ფოტოსურათებმა. 

როგორც ჩანს, სასამართლოების სეზონიც გაგრძელდება, რადგან ოპოზიცია არ აპირებს ფარხმალის დაყრას და უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიაში საჩივრით მიდის. 

19 სექტემბერს აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა აფხაზეთის ცენტრალური კომისიის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ. კოლეგიამ არ დააკმაყოფილა არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, ალხას კვიწინიას სარჩელი, რომლითაც არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვს.

ოპოზიცია დანებებას არ აპირებს და უახლოეს ათ დღეში ალხას კვიცინიას ადვოკატები- ინგა გაბელაია და გარეგინ მიტინი, მოსკოველი იურისტი – სააპელაციო საჩივარს შეიტანენ უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიაში და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აფხაზეთის მთავარი კანონი, კონსტიტუცია დაარღვია. კანონში მკაფიოდ წერია, როგორ უნდა ითვლებოდეს არჩევნების შედეგები”, – ამბობს კვიწინიას წარმომადგენელი სასამართლოში ბატალ ტაბაღუა, პარლამენტის დეპუტატი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, და აქვე განმარტავს: 

“ფორმულირება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ისაა,  ვინც უფრო მეტი ხმა მიიღო და ამასთან, მის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ნაკლებია მომხრეთა რაოდენობაზე, დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს. ყველაფერი ნათელია. საბოლოოდ გამოდის, რომ ხაჯიმბას უფრო ნაკლებმა დაუჭირა მხარი, ვიდრე პირიქით”.

სასამართლოში რაულ ხაჯიმბას წარმომადგენლად პარლამენტის დეპუტატი და იურისტი ვალერი აგრბა წარდგა. ის ორ ფაქტს ეყრდნობა, როდესაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ასაბუთებს. პირველ რიგში, მისი აზრით, “კანდიდატების წინააღმდეგ ხმების” გაგება მოძველებულია. როგორც ის აცხადებს, 2019 წლის 12 აპრილს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის შესაბამისად, ამომრჩევლები ვინმეს “წინააღმდეგ” აღარ აძლევენ ხმებს. 

“ ე.ი. ასეთი გაგება არც არსებობს”, – ამბობს აგრბა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა.  

თამაზ გოგია, აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამბობს, რომ არჩევნებამდე ორივე კანდიდატმა წერილობით დააფიქსირა, რომ ხმების უმრავლესობის მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული. სავარაუდოდ, ვერც ერთი კანდიდატი წარმოიდგენდა დამარცხებას.

999 ხმით მეტი მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს აფხაზეთში გაიმართა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,38% მიიღო, მისმა ოპონენტმა ალხას კვიცინიამ კი- 46,19%. “ყველას წინააღმდეგ” ხმა 3154-მა ადამიანმა მისცა.

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული კანდიდატის საჩივრის განხილვისა და სასამართლო პროცესის პარალელურად, მშვიდობისა და აფხაზურ საზოგადოებაში უთანხმობების დაძლევის მიღწევისთვის, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციტივით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიას სასულიერო პირებმა ვერტმფრენიდან 12 ლიტრი ნაკურთი წყალი მოაფრქვიეს. პარალელურად, სასულიერო პირები ლოცვებს კითხულობდნენ.

აფხაზეთში ცნობილი პოლიტოლოგის, პირველი პრეზიდენტის მრჩევლისა და ალხას კვიწინიას გამარჯვების შემთხვევაში, ხაჯიმბა წავიდოდა სასამართლოში საჩივრით. ხმებში მინიმალური სხვაობა კი, ტანიას აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება ლიდერს ვერ ხედავს. 

“მეორე გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, რომელმაც სულ მცირე სხვაობით ნაკლები ხმა მიიღო, აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისი მაინც დადგებოდა. უკიდურესად რთულია მართო ქვეყანა, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.

ვფიქრობ, დებატებმაც აჩვენა აღნიშნული პროცესის მონაწილეთა კომპეტენციის დონე, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების წინაშე დასახულ ამოცანებს არ შეესაბამება”. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი