ახალი ამბები

ზეგანაკვეთური შრომა ჩვეული განაკვეთის სულ მცირე 125%-ით უნდა ანაზღაურდეს – შესაძლო ცვლილება

23 სექტემბერი, 2019 • 5772
ზეგანაკვეთური შრომა ჩვეული განაკვეთის სულ მცირე 125%-ით უნდა ანაზღაურდეს – შესაძლო ცვლილება

შრომის კოდექსის ცვლილებების პაკეტით, კანონმდებლობაში შემოდის არასრული სამუშაო განაკვეთის ცნება, შესაბამისად, სრული და არასრული განაკვეთების განმარტება. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებლის სურვილის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს დასაქმებულის არასრულიდან სრულზე გასასვლას, ან პირიქით.

ასევე, იკრძალება არასრულ განაკვეთზე დასაქმებულისადმი განსხვავებული მოპყრობა; ამასთან, დგინდება ზეგანაკვეთური შრომის მინიმალური ანაზღაურება — დამატებით დროში იმავე დროის ჩვეული ანაზღაურების მინიმუმ 125%.

ცვლილებების პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრ პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის, ჯერ პარლამენტში არ შეუტანიათ; როგორც ავტორი გვეუბნება, ის ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და შეიძლება გარკვეული პუნქტები შეიცვალოს. ავტორის თანახმადვე, მისი ინიცირება ოქტომბერში იგეგმება. დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“ მიაწოდა პაკეტის ძირითადი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტი. „ნეტგაზეთს“ „საქართველოს ბიზნესასოციაციიდან“ [რომელთანაც სხვებთან ერთად განიხილებოდა ინიციატივა] მიაწოდეს შრომის კოდექსის სამუშაო ვერსია.

არასრული და სრული განაკვეთი

როგორც პაკეტი განსაზღვრავს, არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომლის ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა გათვლილი კვირის ან საშუალოდ ერთ წლამდე ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის პერიოდში ნაკლებია ანალოგიურ პირობებში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ნორმირებულ სამუშაო დროზე.

ხოლო სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირად კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულს, რომელიც იმავე ტიპის შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში იგივე დამსაქმებლისთვის ასრულებს იგივე ან მსგავს სამუშაოს ან საქმიანობას და დასაქმებულია იგივე მიმართულებით, იმავე დეპარტამენტში ან სამსახრუში.

ასევე, ცვლილება, თუკი ძალაში შევიდა, აკრძალავს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სრული სამუშაო განაკვეთიდან არასრულ სამუშაო განაკვეთზე ან არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის შესახებ დასაქმებულის უარის საფუძვლით.

ამასთან:

  • დგინდება ნორმირებული სამუშაო დრო კვირაში 40 საათის, ხოლო დღე- ღამის განმავლობაში 8 საათის ოდენობით;
  • ზეგანაკვეთური მუშაობის მაქსიმალური საათების რაოდენობა განისაზღვრა კვირაში 8 სათით, ჯამში, არაუმეტეს 48 საათისა კვირაში;
  • 6-საათიანი სამუშაო დღის პირობებში დასაქმებულს წარმოეშვება შესვენების უფლება;
  • დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებული 24 საათიანი დასვენებით კვირაში ერთხელ, ან 2 კვირაში 48 საათით;
  • უქმდება სპეციფიკური სამუშაოების ცნება, რომელთათვისაც ნორმირებული სამუშაო დრო განსაზღვრული იყო 48 საათით;
  • ზუსტდება სამუშაო კვირის შეჯამუბელი აღრიცხვის წესი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სამუშაო კვირის ფარგლებში სამუშაო დრო – 48 საათი გამოითვალოს 4 თვის განმავლობაში კვირის საშუალო საათების დათვლის გზით;
  • შემოდის დამსაქმებლის ვალდებულება (ელექტრონულად/წერილობით) აღრიცხოს სამუშაო დრო. თუ პაკეტის ეს ნაწილი უცვლელად გავა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებული ხდება, ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით და ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს.

ზეგანაკვეთური შრომა

ცველილებებით, მკაცრდება რეგულაციები ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. კერძოდ:

ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს ან კვირის განმავლობაში 8 საათს.

ამასთან, სიახლე ისაა, რომ მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ზე ნაკლები. თუმცა შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც;

ასევე, შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება და დამსაქმებელი ვალდებული ხდება, წინასწარ 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე.


დიმიტრი ცქიტიშვილის თანახმად, ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირთან ასიცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას შესაბამისი ევროდირექტივებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ასევე პასუხობს აშშ-თან ვაჭრობის გენერალური პრეფერენციების სისტემის შესაბამისობის მოთხოვნებს.

ცვლილებების პაკეტი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მაგალითად:

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი