ახალი ამბები

ვინ უნდა გამოვიდეს გაეროში? – “ოცნების” პოზიცია პრეზიდენტთან ერთად შეიცვალა

23 სექტემბერი, 2019 • 1670
ვინ უნდა გამოვიდეს გაეროში? – “ოცნების” პოზიცია პრეზიდენტთან ერთად შეიცვალა

2013 წლის შემდეგ პირველად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე დაგეგმილ დებატებზე საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს და არა – პრემიერ-მინისტრი.

კოჰაბიტაციის პერიოდში, როცა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, თუმცა პრეზიდენტი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იყო, სააკაშვილმა 2013 წლის 26 სექტემბერს ბოლოჯერ მიმართა მსოფლიო ლიდერებს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, მასსა და “ქართული ოცნების” მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, მუდმივი დავის საგანი იყო, თუ ვინ უხელმძღვანელებდა საქართველოს დელეგაციას გაეროში – პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.

ვინ წავა ნიუ-იორკში? – მიწვეულია პრეზიდენტიც და პრემიერიც

ეს დავა ყოველ ჯერზე მთავრობის მეთაურის გამოსვლის სასარგებლოდ წყდებოდა – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცემია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე; 2014 წელი

მმართველი გუნდი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის აუცილებლობას იმით ხსნიდა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის შემდეგ მთავრობა და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი წარმომადგენელიც. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო განხორციელებული 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც ქვეყანა სრულად საპარლამენტო მოწყობის მოდელზე გადავიდა და მმართველობის შერეული მოდელი მოქმედებდა.

2014 წელს მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის აღნიშულ საკითხზე მიმდინარე დებატებში ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო.

“ნახეთ სია, ვინ ჩავა და გაეროს სხდომას ვინ დაესწრება. საპარლამენტო რესპუბლიკებიდან, როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და კინკლაობა. ფონი უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავენ პრეზიდენტს, ამ დროს კი, ორჯერ ორი ოთხია – რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა, იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ. შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში… განა მარტივი დასანახი არაა, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია”, – აცხადებდა ივანიშვილი.

იგივე არგუმენტები ჰქონდა “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდსაც.

2014 წელს გიორგი მარგველაშვილი მაინც გაემგზავრა ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პარალელურად და გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე გამოვიდა სიტყვით. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ (და ახლანდელმა მინისტრმა) დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ თუ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით წარდგებოდა, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის.

“მთავრობამ იმსჯელა და რადგან ახალი კონსტიტუციით პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს”, – ამბობდა მაშინ დავით ზალკალიანი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 6 წლის განმავლობაში პირველად, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვა სიტყვით. საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არ პასუხობს კითხვას, რამ განაპირობა დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა და მხოლოდ იმას ამბობს, რომ აღნიშნული ვიზიტის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში იქნა მიღებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უპასუხეს, რომ “გუნდთან ერთად გადაწყდა, წელს, ოფიციალურ დელეგაციას გაეროში უხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”.

“მისასალმებელია, რომ როგორც იქნა “აღმოვაჩინეთ”, რომ გაეროში შეიძლება არათუ შერეული მოდელის მქონე, არამედ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტიც გამოვიდეს! იმედია, კიდევ სხვა “დიდი აღმოჩენებიც” გვექნება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თენგიზ ფხალაძემ, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოსტს იკავებდა.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ფორმატში გაიმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი