ახალი ამბებირეკლამა

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: შეცდომა არ ნიშნავს მინუს ერთ მოქალაქეს

24 სექტემბერი, 2019 • 1585
ალექსანდრე ლორთქიფანიძე: შეცდომა არ ნიშნავს მინუს ერთ მოქალაქეს

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: მწერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი

ყოფილი პატიმრების მიმართ არაერთი სტიგმა და სტერეოტიპი არსებობს. აღნიშნული სტიგმები ხშირად გადაულახავი ბარიერი ხდება ყოფილი პატიმრებისთვის საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მათი სასჯელის ვადა ამოწურულია და მათაც კანონმორჩილად აქვთ მოხდილი შესაბამისი სასჯელი, ისინი ვეღარ ახერხებენ იპოვონ ადგილი, იმუშაონ, დაუბრუნდნენ ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოების აქტიურ სივრცეს. შესაბამისად, ისინი ირიყებიან ჯანსაღი პროცესებისგან და ხშირად ეს ახალი საბაბი ხდება იმისთვის, რომ ყოფილი პატიმრები დანაშაულებრივ სამყაროს დაუბრუნდნენ, თითქოს აღნიშნული სამყაროს გარდა მათ აღარცერთი სივრცე იღებს და უშვებს თავის წიაღში.

თუ ამ სტიგმებს დავუკვირდებით, ბევრი მათგანის უკან აბსურდული ცრურწმენები დგას, რომლებიც არცერთი წამით უშვებენ, რომ ადამიანს აქვს შეცდომის გამოსწორების უნარი, ანდა აქვს უფლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს, გაკეთილშობილდეს და გულწრფელად მოინანიოს ჩადენილი. საზოგადოება აღარ უტოვებს პატიმრებს თავისუფალ არჩევანსა და სინანულის უფლებას. ძალიან სამწუხაროა ასეთი მიდგომები.

ძალიან სამწუხაროა ის, რომ 21-ე საუკუნის ცივილიზებულ საზოგადოებაში ადამიანების ცხოვრება პირველივე შეცდომისთანავე მთავრდება და მათ არ ეძლევათ საშუალება თავი დააღწიონ კრიმინალურ წარსულს, შეიქმნან ახალი ცხოვრება და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

სტიგმის შესამცირებლად მრავალმხრივი მიდგომების დანერგვაა საჭირო. ერთი მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს კეთილი ნება და მონდომება, რათა მოხდეს ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია, მათ უნდა მოეხსნათ საშიშის საბურველი. შესაძლოა, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მათთვის დასაქმების ადგილის მოძიებაში. მეორე მხრივ, აუცილებელია საზოგადოებრივი თანადგომა და მხარდაჭერა. საპატიმროდან გამოსული ადამიანი არ უნდა რჩებოდეს მარტო. მართლმსაჯულებამ უკვე იმოქმედა, თავისი გააკეთა, პატიმარმა ზღო საკუთარი შეცდომის გამო, ჩვენ უნდა მივიღოთ ის და ქვების სროლა არ დავუწყოთ მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი თავადაც არაერთხელ შემცდარა, მაგრამ იღბლისა თუ შემთხვევითობის წყალობით, მართლმსაჯულებას ასცილებია, თუნდაც მცირე, უმნიშვნელო დანაშაულის გამო. ერთი სიტყვით, უდანაშაულო არავინაა და ადამიანები, ვინც საპატიმრო გაიარეს, იმსახურებენ პატიების უფლებას.

ამავე დროს მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რათა ყოფილმა პატიმრებმა დაინახონ პოზიტიური პოლუსი, მოხდეს მათზე დადებითი ზემოქმედება და არა დანაშაულებრივი, ბნელი სამყაროსკენ ხელის კვრა. დადებითი ეფექტის დახმარებით შესაძლოა თუნდაც ყველაზე შავბნელი წარსულის მქონე ადამიანები შეიცვალონ. მთავარია გვჯეროდეს ცვლილების და ყველამ ერთად, ყოფილმა პატიმრებმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ მივაღწიოთ იმას, რომ შეცდომა არ ნიშნავდეს – 1 მოქალაქეს, არამედ სამართლიან პასუხს და სათანადო მონანიების შემდეგ, კეთილსინდისიერად მოხდილი სასჯელის შემდეგ, +1 კანონმორჩილ, ძლიერ და საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი