დაცული უნდა იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულის უფლებებს შორის – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეხმაურება შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან.

“მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის, ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების გაკეთება, რათა განისაზღვროს, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი ბიზნეს გარემოზე და ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში.

შრომის კოდექსში ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია. პროექტი ჯერ პარლამენტში წარდგენილი არ არის, თუმცა ბიზნესასოციაციის ხელთ არსებული სამუშაო ვერსიის თანახმად, კანონპროექტით მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა ეზღუდებათ. დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსია ცოტა ხნის წინ განიხილეს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რასაც, ცხადია, დისკუსია მოჰყვა. მისი თქმით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არ კრძალავს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც უკვე ისედაც აკრძალულია.

ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა არ იკრძალება — კანონპროექტის ავტორი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.