ახალი ამბები

სასამართლომ დიღმის ტყე-პარკში “ორანჟერეის” მშენებლობა დროებით შეაჩერა

20 სექტემბერი, 2019 •
სასამართლომ დიღმის ტყე-პარკში “ორანჟერეის” მშენებლობა დროებით შეაჩერა

კომპანია “ანაგს“, რომელიც დიღმის ტყე-პარკის განაპირას მულტიფუნქციურ ცენტრს – სახელად “ორანჟერეას“ აშენებს, ამ ადგილზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარება დროებით აეკრძალა. ამის მიზეზი სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა სასამართლო დავის დასრულებამდე შეაჩერა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტყის განაპირა ნაწილში, ამჟამინდელი “კია მოტორსის“ შენობის ტეროტორიაზე, მშენებლობა გადაიდო, თავდაპირველად “ახალგაზრდა მწვანეებმა“ გაავრცელეს, სადაც წერია:

“2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “უსაფრთხო სივრცის” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოთხოვნა და მშენებლობის ნებართვის ვადა შეაჩერა დავის სასამართლო განხილვის დასრულებამდე.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ პირველი პოზიტიური ნიშანია, რომ შესაძლოა ბრძოლამ შედეგი გამოიღოს. ახლა უკვე ვიცით, რომ სასამართლოს დასრულებამდე მშენებლობა არ დაიწყება. ჩვენ ყურადღებას არ მოვადუნებთ და ყოველთვის მზად ვიქნებით საჭიროების მიხედვით ვიმოქმედოთ”.

https://www.facebook.com/SaveDighomiForest/photos/a.438760476688356/496369397594130/?type=3&theater

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს, რომელმაც განგვიმარტა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კომპანია ამ ადგილზე მშენებლობას ვერ განაახლებს.

 

“ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ იმიტომ, რომ თუკი იქ დაიწყება სამშენებლო პროცესი და თუკი მშენებლობის დასრულების შემდეგ სასამართლო ჩათვლის, რომ ის აქტი, რომელიც გაასაჩივრა მხარემ, იყო უკანონობა – ფიზიკურაად შეუძლებელი იქნებოდა იმ მოცემულობის შენარჩუნება, რაც დავის დაწყების დროს იყო.

ამიტომაც, სასამართლო არ ამბობს გასაჩივრებული აქტი კანონია თუ უკანონო, სასამართლო არ ამბობს, დააკამყოფილებს თუ არ დააკმაყოფილებს სარჩელს, მაგრამ მოსამართლე ამბობს, რომ  სანამ მე არ მივიღებ საქმეზე სააბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე იქ არანაირი სამუშაოების წარმოება არ უნდა მოხდეს“, – ამბობს სალაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახლა თბილისის მერიამ დაიწყოს კონსულტაციები და საუბრები მესაკუთრე კომპანიასთან ან ადგილმონაცვლეობაზე, ან ნაკვეთის გამოსყიდვაზე. სალაძე განმარტავს, რომ მსგავსი მიდგომა კომპანიისთვისაც სასურველი უნდა იყოს, ვინაიდან შეიძლება სასამართლო პროცესმა დიდი პერიოდი მოიცვას.

რაც შეეხება თავად “ანაგს“, ნეტგაზეთის კითხვაზე, განიხილავენ თუ არა მერიასთან ადგილმონაცვლეობაზე ან ნაკვეთის გამოსყიდვაზე საუბარს, კომპანიაში გვითხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

რისი აშენება იგეგმება დიღმის ტყე-პარკში

შპს “ანაგი“ დიღმის ტყე-პარკში “კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. შენობა, რომელსაც “ორანჟერეა“ ჰქვია, სინამდვილეში მულტიფუნქციური ცენტრია, რომელსც ძირითადად საბანკეტო, სადღესასწაულო და ა.შ. ფუნქცია აქვს.  ნებართვა უკვე გაცემულია, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

აქტივისტები, მათ შორის ანა გაბრიაძე და მისი ადვოკატი ნანა რამიშვილი, ამბობენ, რომ ტყე-პარკის გადასარჩენად უკვე 17 წელია, რაც იბრძვიან. ეს კომპლექსი კი, რომლის დიდი ნაწილი სადღესასწაულო და საბანკეტო დარბაზებმა უნდა დაიკავოს, ახლომდებარე ეკოსისტემას სრულიად გაანადგურებს. “ანაგში” ამბობენ, რომ შენობა გარემოსთან შერწყმული იქნება.

აქტივისტები გვიყვებიან, რომ ყველაფერთან ერთად, მშენებლობა აქ არაკანონიერია, ვინაიდან დიღმის ტყის-პარკის იმ ტერიტორიას, სადაც მშენებლობა იგეგმება, საქმიანი ზონის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, ის სპეციალური შეზღუდვის ზონაში შედის.

ვრცალად დიღმის ტყე-პარკის ამბავზე:

სასამართლომ დიღმის ტყე-პარკში “ორანჟერეის” მშენებლობა დროებით შეაჩერა

მასალების გადაბეჭდვის წესი