ახალი ამბები

ძალადობრივი ჯგუფებისადმი სწორი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა არ განხორციელებულა – ლომჯარია

19 სექტემბერი, 2019 •
ძალადობრივი ჯგუფებისადმი სწორი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა არ განხორციელებულა – ლომჯარია

სახალდო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასებით, სწორი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა არ განხორციელებულა  ძალადობრივი ჯგუფებისადმი, რომლებიც მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდნენ.

დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სახალხო დამცველს ჰკითხა, პრორუსული ძალების მიერ ჩადენილი ძალადობის მიმართ ხომ არ ჰქონდა ხელისუფლებას ლმობიერი პოლიტიკა და 20 ივნისის აქციების მონაწილეების მიმართ იყო თუ არა მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა.

“კი, ნამდვილად – იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც წელს გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში ძალადობის პროპაგანდას ახდენდნენ, ძალადობრივი ჯგუფების რეალურ ფორმირებას ახდენდნენ და არა მარტო მოწოდებას… რამდენიმე ძალადობრივი შემთხვევაც გვქონდა, როდესაც ეს ჯგუფები მოქალაქეებს არ აძლევდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ემუქრებოდნენ მათ შორის სახალხო დამცველს და მის მოადგილეს სიცოცხლის მოსპობით, არ განხორციელებულა ამ ჯგუფების ორგანიზატორების და მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. წარმოჩენილი იყო ისე, თითქოს ეს ორი მხარე იყო თანაბარი მნიშვნელობის მხარე, რომლებიც თანაბრად სარგებლობდნენ  გამოხატვის უფლებით. მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და აშკარა იყო ძალადობრივი ქმედებები. მე ვერ ვნახე ვერც ერთი პირი ამ ქმედებების ჩამდენი დასჯილი ან პასუხისგებაში მიცემული”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი