ახალი ამბები

რიგგარეშე სესია პარლამენტში ჩაიშალა

13 მარტი, 2015 •
რიგგარეშე სესია პარლამენტში ჩაიშალა

რეგისტრაცია განმეორებით 41-მა დეპუტატმა გაიარა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის გამოცხადება. რიგგარეშე სესიის კვორუმისთვის პირველად რეგისტრაცია 32-მა დეპუტატმა გაიარა.

 

ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც რიგგარეშე სესიას უძღვბოდა, განაცხადა, რომ სესია ჩაშლილია და პარლამენტი მუშაობას შემდეგ პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს.

 

პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა, მას შემდეგ, რაც “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მარგველაშვილმა გაიზიარა “თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია, რომ რიგგარეშე სესიაზე უნდა იმსჯელონ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სესიაზე უნდა მისულიყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

 

რიგგარეშე სესიაზე დასწრებას არ აპირებდა საქართველოს მთავრობა. საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ პარლამენტარებთან მათ გუშინ უკვე იმსჯელეს საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

გუშინ, 12 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ხდომათა დარბაზი რიგგარეშე სესიაზე. 13.03.2015
პარლამენტის ხდომათა დარბაზი რიგგარეშე სესიაზე. 13.03.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი