12 საათზე დანიშნულ რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უძღვება, 34-მა დეპუტატმა გაირა რეგისტრაცია. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარლამენტარები რეგისტრაციას მეორედ 45 წუთში გაივლიან.
პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა, მას შემდეგ, რაც “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შეხვდა.
მარგველაშვილმა გაიზიარა “თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია, რომ რიგგარეშე სესიაზე უნდა იმსჯელონ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სესიაზე უნდა მისულიყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
რიგგარეშე სესიაზე დასწრებას არ აპირებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ პარლამენტარებთან მათ გუშინ უკვე იმსჯელეს საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
გუშინ, 12 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს.








