ახალი ამბები

ლომჯარიას აზრით, პარლამენტმა მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა იმსჯელოს

19 სექტემბერი, 2019 • 1031
ლომჯარიას აზრით, პარლამენტმა მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა იმსჯელოს

სახალხო დამცველის აზრით, თუ პროკურატურისგან დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას არ მიიღებს, საქართველოს პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა იმსჯელოს.

“იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურა არ წარმოადგენს თქვენთვის საკმარის ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება და არ იქნება ეს თქვენთვის დამაჯერებელი, მე ვფიქრობ, რომ დიდი დროა გასული და ჩვენ არ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტში, სადაც 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ცენტრალური არის გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხი. ომბუდსმენი ამბობს, რომ არაერთგზის  საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ საქმეზე არ გააცნო. ნინო ლომჯარია აუცილებლად მიიჩნევს ამ პროცესში ახლო ნათესავის ცნობას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

“გამომდინარე იქიდან, რომ ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია მისი შედეგები, მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო
საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად”, – ნათქვამია ანგარიშში.


თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში 2017 წლის დეკემბერში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს. მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი