ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ცირკში ცხოველების გამოყენების აკრძალვას

18 სექტემბერი, 2019 •
საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ცირკში ცხოველების გამოყენების აკრძალვას

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა არ განიხილა მოქალაქეების პეტიცია, რომლითაც საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენების აკრძალვას ითხოვნდნენ.

პეტიციას 656 მოქალაქე აწერდა ხელს. კომიტეტის 12 სექტემბრით დათარიღებულi დასკვნის თანახმად, კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ „ცხოველების წამება, სხეულის დაზიანება, ტკივილის მიყენება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებებია და აღნიშნული ქმედებების აღკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება“.

დასკვნის თანახმად, „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ცირკში ცხოველების მიმართ არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე“.

საცირკო წარმოდგენებისთვის ცხოველების ექსპლუატაციას დიდი ხანია საქართველოში აპროტესტებენ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, 4 მაისს, თბილისში, ცირკის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ეს პრაქტიკა გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ცხოველების გასაწვრთნელად ცირკებში ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ, რის გამოც წარმოდგენებში მათი მონაწილეობა არაერთ ქვეყანაში იკრძალება.

საპარლამენტო კომიტეტი იმავე დასკვნაში აღნიშნავს, რომ გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელი ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობისთვის და სისხლის სამართლის კოდექსშიც გამკაცრდა სასჯელი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასა და ცხოველის წამებაზე.

„ვინაიდან საქართველოში არ არსებობს მუდმივი საცირკო დასი, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯელობა გაგრძელდეს ცირკში ცხოველებთან მოპყრობის კონტროლის გაძლიერების კუთხით. თუმცა კომიტეტი მიესალმება მსოფლიოს მასშტაბით ცირკში ცხოველების გამოყენების ტენდენციის კლებას და გამოთქვამს მზადყოფნას, პეტიციის ავტორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩაერთოს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაში“.

არადა, როგორც 4 მაისის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლიკა ბაციკაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნებოდა, „ცირკის ცხოველებს“ ხშირად არაადამიანურად ეპყრობიან ხოლმე: „ცირკებში ცხოველების გასაწვრთნელად და მათ მიერ კონკრეტული ქცევის/ილეთის დასასწავლად გამოიყენება ისეთი ძალადობრივი მეთოდები, როგორებიცაა დიდი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვება, იძულება, ტკივილის მიყენება (მათ შორის ჯოხების, ბასრი, მჩხვლეტავი საგნების, ელექტროშოკერების გამოყენებით), ფსიქოლოგიური ზეწოლა, წამება, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, სხვა ცხოველებისგან იზოლაცია, პატარა ზომის გალიებში გამოკეტვა და ა.შ. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ისინი განთავსებულნი არიან ანტისანიტარიულ პირობებში, ხოლო მათი სამედიცინო საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია“.

კომიტეტის დასკვნაში მოცემულია პირობა, რომ „შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებს“.

საბოლოოდ, საკუთარი არგუმენტების გათვალისწინებით, კომიტეტმა დაასკვნა, რომ „პეტიციის განხილვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს“.

ნახეთ ამ თემაზე:

ცირკი ცხოველების გარეშე! – თბილისის ცირკთან საპროტესტო აქცია გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი