ახალი ამბები

რუსთავში ქალი ოპერაციისას გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

18 სექტემბერი, 2019 • 2024
რუსთავში ქალი ოპერაციისას გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი ოპერაციის დროს გარდაიცვალა. დაღუპულის ნათესავები ამბობენ, რომ პაციენტს ორგანიზმში ნარკოზი განსაკუთრებულად დიდი დოზით შეუყვანეს, საავადმყოფოში კი განმარტავენ, რომ ოპერაციამდე ყველა საჭირო სინჯი აიღეს.

როგორც InfoRustavi-თან ოჯახის ახლობლები ყვებიან, 19 წლის ქალს ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა ჩატარებოდა და ოპერაციის დაწყებამდე ექიმები მათ არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

“რომ მოვედით დილით, სინჯი გაუკეთეს, 15 წუთი ელოდნენ, მაგრამ შემდგომ ისევ ნახევარ საათს დააცადეს, შეიყვანეს [საოპერაციოში] ჩვეულებრივად და ჩვენც აქ ველოდებოდით. ცოტა ხანში იყო უკვე ალიაქოთი, გარბოდნენ… ჩემმა სიძემ გაიგო, რომ ვიღაცას გული გაუჩერდაო, მაგრამ სახელსა და გვარს არ აკონკრეტებდნენ.

ჩვენ არც გვიფიქრია, იმდენად უმნიშვნლო ოპერაცია იყო, ვერც ვიფიქრებდით. მოგვიანებით შეგვატყობინეს. პალატაში სანამ შეიყვანდნენ, ჩემმა საცოლემ წაიხუმრა კიდეც, გადავრჩებიო და ექიმმა უპასუხა, გადასარჩენი რა გჭირს, შვილოო, ისეთი არაფერი არ არისო“, – იხსენებს დაღუპულის ახლობელი.

გამოცემასთან ქალის ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი ამბობს, რომ სინჯის აღების შემდეგ გოგოს კანი გაუწითლდა, რაც შესაძლოა, ალერგიის ნიშანი ყოფილიყო, თუმცა ოპერაციაზე მაინც შეიყვანეს. მისივე თქმით, ოპერაციიდან 10 წუთში ქალს სუნთქვა შეუჩერდა.

რაც შეეხება საავადმყოფოს პოზიციას, დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ყველა საჭირო სინჯი ქალს ოპერაციამდე აუღეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსგავსი შემთხვევები სამედიცინო სფეროში მაინც ხდება.

“19 წლის პაციენტს უტარდებოდა გეგმური ოპერაცია. ოპერაციის დასაწყისში, ადგილობრივი ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მაშინვე დაიწყო შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, საოპერაციო დარბაზში. სამწუხაროდ, ჩვენს საქმეში ასეთი ამბები ხდება“, – ამბობს დავით გოგოძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი