ახალი ამბები

დეპუტატი ნინო წილოსანი არარსებული შეწყალების კომისიის დათხოვნას ითხოვს

17 სექტემბერი, 2019 • 5551
დეპუტატი ნინო წილოსანი არარსებული შეწყალების კომისიის დათხოვნას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს შეწყალების კომისია, რომლის დაუდევრობითაც ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება მოხდა. თუმცა პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ არ ფუნქციონირებს.

“პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება პირადად ჩემთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული, დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს მთლიანად კომისია, რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში”,- დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ნინო წილოსანმა პოსტში შესწორება შეიტანა და დაწერა, რომ პრეზიდენტმა “დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს ის (კომისია) ადამიანები, რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში”.

წილოსანის აზრით, საზოგადოების აღშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანია.

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ბეჟანიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

ამავე თემაზე:

ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი