ახალი ამბებისაზოგადოება

ანაკლია ქვიშის მტვერს მიაქვს, უცნობია რას აპირებს ხელისუფლება [ვიდეო]

14 სექტემბერი, 2019 •
ანაკლია ქვიშის მტვერს მიაქვს, უცნობია რას აპირებს ხელისუფლება [ვიდეო]

ანაკლიაში სტუმრად რომ მიხვალ, სანამ მასპინძელი სკამს შემოგთავაზებს, ჯერ მშრალი ტილოთი წმენდს მასზე სქლად დადებულ მტვერს. მტვერია ყველგან, ყველა სახლში – იატაკზე, ფანჯრებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

ახლა ანაკლიაში ყველაზე მეტად ამინდის პროგნოზი ფასობს – ადგილობრივები დღეში რამდენჯერმე აკონტროლებენ როგორია ქარის სიჩქარე. ძლიერი ქარი ნიშნავს, რომ მათი სახლები ისევ ქვიშით აივსება.

ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის 5 მილიონი კუბი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ამოიღეს და ამ ქვიშით 60 ჰექტარი ჭაობი დაფარეს. ახლა მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. სანამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაალაგოს და მშენებლობა გააგრძელოს, ანაკლია ყოველი ქარის ამოვარდნისას ქვიშის მტვერში ეხვევა.

ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობას შექმნილ სიტუაციაზე არავინ იღებს, პორტის მშენებლები კი ამბობენ, რომ  ერთადერთი გამოსავალი – მშენებლობის გაგრძელებაა.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2963578580378908/

თორნიკე ბუბუტეიშვილი ანაკლიაში დაიბადა. 1900 წელს მისი ბაბუა გურიიდან ანაკლიაში გადასახლდა – „გაუგია, ანაკლიაში პორტს აშენებენო, ამდგარა და წამოსულა. ბაბუაჩემი მოკვდა. მამაჩემიც. აგერ მეც დავბერდი, პორტი კი ჯერ არ აშენებულა,“ – ამბობს თორნიკე.

თორნიკეს და სხვა ანაკლიელებს ანაკლიაში შევხვდით.

„ხვალ ზუგდიდში უნდა წავიდე და წამლები ვიყიდო, სუნთქვა მიჭირს, ალერგიას მაძლევს ეს მტვერი,“ – გვეუბნება ოთარ ქირია.

„ბინა მაქვს აქ და თვეში ერთხელ ჩამოვდივარ. ახლა დასასვენებლად ჩამოვედი. ბინაში რომ შევედი სილით დამხვდა სავსე. ვინმე არაა გამკითხავი, დაკეტილ სახლში სილა  გვხვდება, ამაზე ვინმეს პასუხი ხომ უნდა ჰქონდეს, რატომ?“ –  კითხულობს ავთანდილ კოჩაძე.

„დღეს 10-12 მეტრია წამში და იმდენი მტვერი არაა.  შეხედეთ ამ ძაღლს, ადრე თეთრი იყო, ახლა გაშავებულია ლამის. ხილი დააბინძურა ამ მტვერმა, ისიც არ ვიცით არის თუ არა სახიფათო ჯანმრთელობისთვის. მთავრობიდან არავინ მოსულა და არსებული მდგომარეობა არ შეუსწავლია,“ –  გვეუბნება თორნიკე ბუბუტეიშვილი.

10 სექტემბერს ქარისგან სახლში შეტანილი ქვიშის კვალი ბევრ ოჯახშია შემორჩენილი. ყველაზე მძიმე სიტუაცია ლალი შელიას სახლშია. საწოლებიც კი წვრილი ქვიშა-სილითაა დაფარული.

„15 დღე უნდა ამის დალაგებას. დავიწყეთ, მერე ისევ ამოვარდა და ისევ შემოიტანა. გაუსაძლის დღეში ვართ,“ – ამბობს ლალი შელია. მისი სახლი ზუსტად იქ დგას, სადაც პორტი შენდება. ლალის სახლის აივნიდან ქვიშის დიუნები ჩანს.

„თუ დროზე არ მოგვხედავენ, ანაკლია საჰარას დაემსგავსება,“ – ამბობენ ანაკლიაში.

[blue_box]ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე?[/blue_box]

ანზორ მანწკავა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონალური დირექტორი ამბობს, რომ მცდელობა, შექმნილი მდგომარეობა გამოესწორებინათ, არ დაუკლიათ. თუმცა მისი ბოლომდე მოგვარება შეუძლებელია.

„ოთხი მანქანა ვიქირავეთ, რომელიც წყლით რწყავს ამ ტერიტორიას. მაგრამ იმდენად დიდი ტერიტორიაა – 60 ჰექტარი… ქვიშა მალე შრება. ეს მეთოდი არ აღმოჩნდა ეფექტური. გუშინწინაც ქარმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ამის ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დროზე  უნდა დავიწყოთ მშენებლობა და შევთანხმდეთ ყველაფერზე მთავრობასთან, რომ დროზე შევიყვანოთ ტექნიკა. სხვანაირად 60 ჰექტარზე დაყრილ ქვიშას არ უშველის არაფერი,“ – ამბობს ანზორ მანწკავა.

მისივე თქმით, როდესაც მშენებლობა დაიწყება, იქ, სადაც ახლა ქვიშაა, ბეტონის მოედანი მოეწყობა.

[red_box]ხელისუფლების პასუხისმგებლობა[/red_box]

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ზუგდიდის მერიას, გვაინტერესებდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ შეისწავლა ანაკლიაში არსებული სიტუაცია და რა დაადგინა.

„თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაესაუბრნენ სკოლის დირექტორს. არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ რაიმე ზიანი მიადგა რომელიმე ოჯახს. არც პირად საუბრებში უთქვამთ და არც ოფიციალურად,“ – გვითხრეს  ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მათ ვერანაირი რეაგირება ვერ ექნებათ ამ სიტუაციაზე, რადგან „სახელმწიფოს  მონაწილეობა ამ პროექტში არის სულ სხვა განზომილებაში და სხვა წესებს და შეთანხმებებს ეხება“.

სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ ამ კონკრეტული პრობლემის (ქვიშის მტვერი ანაკლიაში) მოგვარებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და  ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური უნდა ჩაერთოს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ სამინისტროში ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმის პოზიციაზე, რომ პრობლემიდან გამოსავალი პორტის მშენებლობის გაგრძელებაა.

„ჩვენც მოხარულები ვიქნებით თუ ისინი გააგრძელებენ მუშაობას,“ –  განგვიცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი