ფუტკარაძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ზეწოლას ახორციელებდა უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ დეპუტატზე.
“მე მიმაჩნია და ვთვლი, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ვერ უზრუნველჰყო ის მენეჯერული თვისებები და მოვალეობა, რაც მას აკისრია, ვერ შეინარჩუნა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში და დღემდე არსებული ვაკანსიები ვერ შეავსო. ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი სესიაა, რომელიც ჩაიშლება, ეს ყველაფერი არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საბაბი. მე მოვუწოდებ ბატონ ავთანდილს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რამეთუ პროცესი დაწყებულია და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს,” – განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.
ჯემალ ფუტკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ფრაქციიდან გარიცხვა ამის ნაწილი იყო.
“პარტია ქართულმა ოცნებამ, რვა მარტს, უქმე დღეს, პარტიის გენერალურმა მდივანმა ბატონმა კალაძემ, პრესსამსახურის საშუალებით გავრცელა განცხადება, რომ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე არის გარიცხული პარტიის რიგებიდან. ჩამოთვალა ის მცდარი წინაპირობები, რის საფუძველზეც მოხდა ჩემი პარტიიდან გარიცხვა. ეს იყო პოლიტიკური ამნეზია, ის, რომ პარტიის ლიდერებმა არ იცოდნენ, რომ ჯემალ ფუტკარაძე 2014 წლის 14 სექტემბრიდან აღარ ითვლებოდა პარტიის წევრად. მე ვიყავი ფრაქციის წევრი და ზუსტად ფრაქციისგან მოვითხოვდი ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერას,” განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.