მეზვრიშვილმა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საპარლემენტო მდივნის თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მეზვრიშვილმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. შსს-ში ვერ ამბობენ, თუ სად გააგრძელებს იგი მუშაობას.

გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილეობის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, თავად უწყებაში არ ადასტურებენ.


ნათია მეზვრიშვილი მინისტრის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა. 

უწყების ცნობით,  2007-2009 წლებში ნათია მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.

2013 წლის დეკემბრიდან იგი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნათია მეზვრიშვილი არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან