ახალი ამბები

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

13 სექტემბერი, 2019 • 1389
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საქართველოს პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 10 სექტემბერს ნიკა მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

“აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის
გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, პირველი მომართვისთანავე, ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი