შიდატურისტული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 949.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.9%-ით აღემატება 2018 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 276.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 215.7 ათასი ვიზიტი თვეში).

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 449.3 ათასით განისაზღვრა, რაც 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატი: ვიზიტების გადანაწილება ვიზიტის ტიპის მიხედვით

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 25% თბილისის მაცხოვრებელია, 18.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 13.1% – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 118 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 9.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 12.4 ლარით და 106.1 ლარს უტოლდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.