ახალი ამბები

ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გენდერული კვოტირების შექმნაზე მუშაობა დაიწყოს

8 მარტი, 2015 • • 1014
ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გენდერული კვოტირების შექმნაზე მუშაობა დაიწყოს

საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

 

ომბუდსმენის აზრით, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა დაიწყოს მუშაობა კვოტების შემუშავებაზე და გაიზიაროს არაერთი განვითარებული, მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნის წარსული გამოცდილება, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს თავი დააღწიოს უთანასწორო მდგომარეობას.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 მარტის აღნიშვნის ისტორია 105 წელს ითვლის და მის დაარსებას საფუძვლად დაედო ქალთა უკეთესი ანაზღაურების, პროფესიული განათლების, სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

 

“დიდხანს ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ქალთა დღის მილოცვა საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ქალების ხმა კვლავ არ ისმის გადაწყვეტილების მიღებისას, განიცდიან ძალადობას და რიგ შემთხვევებში ჩვენ ვერ შევძელით დაგვეცვა მათი სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ არ მინდა გამოვიყენო ლამაზი ფრაზები და მრავალჯერ თქვენთვის ნათქვამი სიტყვები. მინდა გულწრფელი იყოს ჩემი მილოცვა და გისურვოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზაცია, გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღებისას თანაბარი მონაწილეობა და ძალადობის დამარცხება. გილოცავთ ამ დღეს დიდი იმედით, რომ მომავალ წელს ქალებს ექნებათ განწყობა, რომ იზეიმონ და მიიღონ მოლოცვები.

 

განსაკუთრებით მინდა მივულოცო მიგრანტ ქალებს, რომლებმაც იკისრეს მძიმე ტვირთი საქართველოში მყოფი ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფისა; პატიმარ ქალებს, რომლებიც გარიყულნი არიან საზოგადოებიდან და საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას; დევნილ და ლტოლვილ ქალებს, რომელთაც მოუწიათ თავიანთი საცხოვრებლების დატოვება და დღეს დევნილობაში სოციალური დახმარების იმედად რჩებიან; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, რომლებიც ყოველდღე განიცდიან უთანასწორო მოპყრობას და მათი პოტენციალი სტიგმებში იკარგება; ძალადობაში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მარტო დავტოვეთ ძალადობის პირისპირ და ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ; აქტივისტ და უფლებადამცველ ქალებს, რომლებიც საკუთარი ჯაბნმრთელობისა და რესურსების ხარჯზე ყოველდღიურად იბრძვიან ქალთა უფლებების დასაცავად. სრულიად საქართველოს ქალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ქალების მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკაში განუზომელი ძალა და როლი აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი