ახალი ამბები

მდინარაძე: რასმუსენის წინადადების მიზანი იყო ერთადერთი – სწრაფი ინტეგრაცია ნატო-ში

12 სექტემბერი, 2019 • 1208
მდინარაძე: რასმუსენის წინადადების მიზანი იყო ერთადერთი – სწრაფი ინტეგრაცია ნატო-ში

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის,  ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადების მიზანი იყო საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობა ისე არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ამ ტერიტორიებზე უარის თქმა.

მდინარაძის თქმით, ამ ინიციატივაზე მსჯელობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ წარმართულა და წინასწარ ვერ იტყვის, გახდება თუ არა განხილვის საგანი.

“სამსჯელო შეიძლბა იყოს ნებისმიერი თემა, მაგრამ მსგავსი საკითხები  ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი საკითხი ექსპერტის დონეზე დაისვა. ვიმსჯელებთ თუ არა, ხვალინდელი საკითხია და წინასწარ ვერაფერს დაგიდასტურებთ.  ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი ექსპერტი, ყოფილი გენერალური მდივანია ნატო-სი… როცა ასეთი გამოცდილი და ავტორიტეტული ადამიანი გთავაზობს ისეთ რაღაცას, მაინცდამაინც არ უნდა  დაინახო როგორც გაწყობს და განიხილო… შესაძლებელია ეს ყველაფერი, თუმცა დღეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მაგრამ მიზანი, დარწმუნებული ვარ, იყო ერთადერთი – სწრაფი ინტეგრაცია ნატო-ში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მდინარაძის თქმით, მედლინ მუნთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობას რასმუსენის წინადადებაზე არ უმსჯელია.

“ეს იყო ერთ-ერთი ექსპერტის, ჩვენი ქვეყნის მეგობრის, ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელის აზრი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გაიმართება დისკუსია არა იმაზე,  რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვინმემ დააყენოს ეჭვქვეშ… მსგავსი საკითხი არ დასმულა და რატომ გაიგო ან რატომ აწყობდა ვიღაცას ასე ელაპარაკა, არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე მუხლის გავრცელება არ მოხდეს იმ ტერიტრორიებზე, რომელსაც საქართველო დღეს ვერ აკონტროლებს.  სხვა დანარჩენი აბსოლუტური სპეკულაციაა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად შიდა სპეკულაციებისა საგარეო თემებზე, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-სთან და ევროატლანტიკურ პერსპექტივასთან, რომელიც კონსტიტუციაში ჩაიწერა.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ქვეყნის შიგნით განიხილოს, დათანხმდებოდა თუ არა ნატო-ში მიღების ისეთ მოდელს,  რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი