ახალი ამბები

ღარიბაშვილს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

12 სექტემბერი, 2019 •
ღარიბაშვილს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილეების თანამდებობებზე დაინიშნენ დავით სუჯაშვილი და რატი ბრეგაძე.

პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, დავით სუჯაშვილი 1999-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2014 – 2015 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო. დავით სუჯაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

რაც შეეხება რატი ბრეგაძეს, ის ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

უწყების ინფორმაციით, 2012 -2015 წლებში რატი ბრეგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი) და სამართლის დოქტორის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი