ახალი ამბები

აპატურაისგან ახალი არაფერი მოგვისმენია, ის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს – ხიდაშელი

12 სექტემბერი, 2019 • 1018
აპატურაისგან ახალი არაფერი მოგვისმენია, ის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს – ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ჯეიმს აპატურაის 11 სექტემბრის განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს მუშაობა ნატოში გაწევრიანების ალტერნატიული გზების საძიებლად. მისი თქმით, აპატურაიმ თქვა ის, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელი, ოფიციალურად დეკლარირებული პოზიციაა, თუმცა ამ კუთხით ვითარების სწრაფად ცვლის არაერთი მაგალითი არსებობს.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უდროოდ მიიჩნია დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის დათქმით. მისი თქმით, ნატო-ში აღნიშნული თემის განხილვის მზაობას ვერ ხედავს.

“აპატურაის ახალი არაფერი უთქვამს. ის არის ნატოს ჩინოვნიკი, რომელსაც შეუძლია, განცხადებები გააკეთოს მხოლოდ იმ კონტექსტში, იმაზე, იმდენჯერ, იმ პათოსით, რომელიც არის იმ მომენტისათვის ორგანიზაციის ოფიციალურად გაცხადებული პოზიცია. მისი პოზიცია კი არის ის, რომ საქართველოს გაწევრიანება მომავალი სამიტისათვის არ იგეგმება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირი არ არის, შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს.

ამიტომ, ვფიქრობ, აქ რაიმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. აჟიოტაჟი, რომელიც მისმა შეპასუხებამ – თუ რაც გინდათ, დავარქვათ – გამოიწვია მიმდინარე დისკუსიებისას, უფრო მეტად მაგონებს იმას, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, რომელსაც უცებ გული გაუსკდა, რომ რასმუსენი, როგორც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, რაღაც მართლა რეალურს არ ამბობდესო, დამშვიდდნენ, ახლა ხელს იშვერენ და ამბობენ, რომ აი, ხომ ხედავთ, აპატურაიმ გვითხრა, რომ დავანებოთ თავი”, – აღნიშნავს თინა ხიდაშელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ორი მაგალითით უსვამს ხაზს, რომ ზემოაღნიშნული ჯგუფების რიტორიკა საფუძველს მოკლებულია. ორივე ფაქტი ალიანსის ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან გამომდინარეობს.

“ამ ადამიანების გასაგონად მინდა, ორი, სულ ბოლო ფაქტი გავიხსენო ჩემი შეფასებების გარეშე:

როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა ღიად, საჯაროდ, საერთაშორისო ღონისძიებაზე, აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნატო ახალ წევრებს მომავალ სამიტზე არ მიიღებდა და იმ სამიტზე, ზუსტად სამი თვის შემდეგ, მონტენეგრო დაპატიჟეს ნატოს წევრად. მათ შორის, ფრანგებმაც.

ამის შემდეგ კიდევ გააკეთეს ფრანგებმა ანალოგიური განცხადება და ახლა მიმდინარეობს ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, სავარაუდოდ, აშშ-ის კონგრესში მიმდინარეობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიკაცია.

ამიტომ ვერაფერს, ვერც ერთ სიტყვას, ვერც ერთ ემოციურ გადახვევას, ნატოს ბიუროკრატიის თანამშრომელი ვერ შეძლებს. ეს არის სწორი და ეთიკური საქციელი მისი მხრიდან. მაგრამ ამასობაში პოლიტიკური განცხადებები ძალიან სწრაფად იცვლება ხოლმე და ამის უამრავი გამოცდილება გვაქვს”.

თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის განცხადება, რომელიც აპატურაის მოსაზრებამდე გახმიანდა,  ეხებოდა ახალი გზების ძიებისაკენ მოწოდებას ქვეყნის ნატოსთან დასაახლოებლად, თუმცა მიმდინარე დღეებში გაჩაღებული დისკუსიებისას ამ რჩევის მთავარი ხაზი დაიკარგა.

“რასმუსენს ის არ უთქვამს, რომ ახლა, არიქა, ნატოში გიღებენ, დადგა საკითხი და ხვალ პოზიცია გქონდეთო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ დისკუდიაში დაიკარგა მთავარი, რაც რასმუსენმა გვითხრა, და რაღაც სისულელეზე მიმდინარებს ჩხუბი. არა კამათი, არამედ ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელი ჩხუბი.

ამასობაში, რასმუსენმა რა გვითხრა: იფიქრეთ, იაზროვნეთ, ფანტაზიას მიეცით საშუალება, კარგი გაგებით… რაც შეიძლება  მეტი ახალი იდეა უნდა გაჩნდეს თქვენს წიაღში, საქართველოში. უნდა დაიწყოს დისკუსია იმაზე, რომ ჩაკეტილი წრიდან გამოხვიდეთ… ასე სწორხაზოვნად, როგორც აქამდე მივდიოდით, ნატოში ვერ ვწევრიანდებით, ყველამ დავინახეთ, ხომ?

მან გვითხრა, რომ დაივიწყეთ ეს დისკუსია და ახალი კონტექსტი შექმენით. ამ ახალი კონტექსტის ერთ-ერთი ფორმულა შემოგვთავაზა. არ მოგვწონს? სხვა მოვიგონოთ, ოღონდ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ადგილობრივი შიდაპოლიტიკური დისკუსია დავიწყოთ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად.

ჩვენ რაზე ვჩხუბობთ? რომ რასმუსენი ქართველობას გვართმევს და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე მიგვათრევს სადღაც, სადაც ჩვენ არ გვინდა”, – ამბობს ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიდან არავინ განიხილავს ქვეყნის რომელიმე ორგანიზაციაში მიღებას მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.

“არავის აღიარებასა და საქართველოს რამის გარეშე სადმე მიღებაზე არცერთი ჩვენი მეგობარი არასდროს საუბრობს. მათი პოზიცია არის უმარტივესი და ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ დგას ეჭვქვეშ არავის მიერ, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ერთადერთ სხვაობა, რომელიც თავის დროზე სხვა ანალიტიკოსებმა შემოგვთავაზეს და რასმუსენმაც გაიმეორა, არის ის, რომ გავაკეთოთ დათქმა ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლზე და გვქონდეს შეთავაზება, რომ რუსეთთან პირდაპირ ღია ომში კი არ ვეპატიჟებით ნატოს, არამედ ვაჩერებთ მეხუთე მუხლის მოქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – აღნიშნავს ის.


ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ქვეყნის შიგნით განიხილოს, დათანხმდებოდა თუ არა ნატო-ში მიღების ისეთ მოდელს,  რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემიდან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსს არ სურს, ჩაერთოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკვე არსებული კონფლიქტის გამო, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად დიდი ხანია მსჯელობენ ვარიანტზე – საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს იმ დათქმით, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

ეს ინიციატივა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2018 წელს, როდესაც კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება. ავტორის მტკიცებით, პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმანი არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი