ახალი ამბები

აგვისტოში აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 11%-ით შემცირდა

12 სექტემბერი, 2019 • 999
აგვისტოში აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 11%-ით შემცირდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოში მოსალოდნელი 14%-იანი ზრდის ნაცვლად, მგზავრების ნაკადი 11%-ით შემცირდა. უწყების თქმით, ამ თვეში საქართველოს ხუთივე აეროპორტი, ჯამში, 583 104 მგზავრს მოემსახურა.

რაც შეეხება შესაძლო მიზეზებს, აეროპორტების გაერთიანება მგზავრების ნაკადის შემცირებას 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს (რუსეთის ტურისტულ ემბარგოს) უკავშირებს. გაერთიანება თქმით, 2019 წლის ორ კვარტლის შედეგების შემდეგ, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ აგვისტოში “იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა“.

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრების ნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

“ხაზგასასმელია, რომ კლება, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, არის მაქსიმალურად მინიმიზებული საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც გადაიდგა და ამჟამადაც გრძელდება რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო”, – ამბობენ უწყებაში.

რაც შეეხება 2019 წლის  8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3 640 823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

აეროპორტებისა და ვიზიტორების დეტალური სტატისტიკა ასეთია:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: 

  • 2019 წლის  აგვისტო –  397 045 მგზავრი (კლება 14 %)
  • 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 2 651 918 მგზავრი (ზრდა 3%)

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

  • 2019 წლის  აგვისტო – 96 474 მგზავრი (კლება 20%)
  • 2019 წლის იანვარ-აგვისტო  – 444 310 მგზავრი (ზრდა  5%)

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

  • 2019 წლის  აგვისტო – 88,138 მგზავრი (ზრდა 22%)
  • 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 538 234 მგზავრი (ზრდა 41 %)

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:

  • 2019 წლის იანვარ-აგვისტო  – ჯამურად 6 361 მგზავრი (ზრდა  16%)

მასალების გადაბეჭდვის წესი