აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებულმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ დე ფაქტო უზენაეს სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უკანონოდ ცნოს ცესკოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შესახებ.
999 ხმით მეტი მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს აფხაზეთში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,38%, მისმა ოპონენტმა ალხას კვიცინიამ კი 46,19% მიიღო. “ყველას წინააღმდეგ” ხმა 3154-მა ადამიანმა მისცა.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დავობს ალხას კვიცინია.
საქმე ის არის, რომ “არჩევნების შესახებ” აფხაზეთის კანონის ერთ-ერთი პუნქტით, მეორე ტურში გამარჯვებულად მიიჩნევა კანდიდატი, რომლის მიღებული ხმები სხვა კანდიდატისა და “ყველას წინააღმდეგ”, ჯამში, აღებულ ხმებზე მეტია. ამ შემთხვევაში კი ასე არ არის.
ალხას კვიცინია ღიად ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს
დე ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ სარჩელზე გადაწყვეტილება ათი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გამოიტანოს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კი საკასაციო კოლეგიაში და პრეზიდიუმში შეიძლება.
დე ფაქტო ცესკომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც.