ახალი ამბები

ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერებაზე შოტლანდიის სასამართლომ უკანონოდ ცნო

11 სექტემბერი, 2019 • 1415
ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერებაზე შოტლანდიის სასამართლომ უკანონოდ ცნო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ ქვეყნის პარლამენტის მუშაობის შეჩერება შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა სამეულმა დღეს, 11 სექტემბერს მიიღო.

BBC-ის ცნობით, მოსამართლეებმა  თქვეს, რომ ჯონსონი ეცადა, პარლამენტარებისთვის არ მიეცა საშუალება, პასუხუსმგებლობა დაეკისრებინათ მთავრობისთვის ბრექსიტის წინ.

“არასათანადო მოტივი პარლამენტის შეფერხებისა” – ასე შეაფასეს მათ პრემიერ-მინისტრის ბრძანება.

მანამდე ბორის ჯონსონი ამბობდა, რომ პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება ნორმალური პროცესია, აღნიშნულის შეფასება დემოკრატიისათვის ძირგამომთხრელად კი – აბსურდი. მოსაზრებას არ დაეთანხმა დეპუტატთა ჯგუფი, ძირითადად, ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეები, რომელთაც ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრეს.

პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ გამოიტანა და თქვა, რომ მას კანონი არ დაურღვევია. თუმცა უმაღლესი სასამართლოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება წინა ინსტანციის განაჩენს აუქმებს.

BBC-ის თანახმად, შოტლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გაასაჩივრა და მოსმენა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში შემდეგ კვირას გაიმართება.


დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა ხუთი კვირით შეაჩერა. ბორის ჯონსონის მთავრობის მოთხოვნა ოფიციალურად დღეს, 10 სექტემბერს დაკმაყოფილდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი და უპრეცედენტო სცენები მოჰყვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში. მოვლენები ისევ და ისევ ბრექსიტთან არის კავშირში.

პარლამენტის მუშაობის შეჩერება დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს შემოდგომაზე, მთავრობის ბრძანებით ხდება და რამდენიმე კვირა გრძელდება. თუმცა კანონმდებელთა ნაწილის წინააღმდეგობა ვადებით არის გამოწვეული. კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ ჯონსონის გადაწყვეტილება, შეაჩეროს პარლამენტის მუშაობა ახლა, როცა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის(ბრექსიტის) ბოლო ვადამდე – 31 ოქტომბრამდე – 2 თვეც არ რჩება, ბრექსიტთან დაკავშირებით დებატების შეფერხებას და მის სწრაფ განხორციელებას ისახავს მიზნად.

ქაოსი UK-ის პარლამენტში: ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეჩერება გააპროტესტა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი