საოკუპაციო ძალები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს ორ ადგილზე აწარმოებენ. მათივე თქმით, ოკუპირებულ სოფელ წნელისში კი საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოა განთავსებული.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობა ” ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ ფეისბუკზე გაავრცელა. მან დაწერა, რომ შესაძლოა, საოკუპაციო ძალებმა ქართულ საგუშაგომდე მისასვლელი გზა გადაკეტონ.

რაც შეეხება სუს-ს, უწყებამ გავრცელებულ კომენტარში განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება უკიდურესად სახიფათოა და ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს დამატებით პრობლემებს უქმნის.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი,“ – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ კომენტარში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან