ახალი ამბები

ვის აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

4 მარტი, 2015 •
ვის აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ვადამდელი არჩევნების საკანონმდბელო საფუძვლები

 

კანონმდებლობით პარლამენტის დათხოვნა, რასაც ვადამდელი არჩევნები მოჰყვება, პრეზიდენტს შეუძლია, ხოლო ამის საფუძველი  ორ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, პირველი დაკავშირებულია ბიუჯეტის დამტკიცებასთან, ხოლო მეორე- მთავრობის ფორმირებასთან:

 

“ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, ანუ ამ ეტაპზე გამორიცხული საკითხია და ახლა განვიხილოთ მეორე ვარიანტი: შესაძლოა გადადგეს მთავრობა, ანუ გადადგება პრემიერ-მინისტრი, მას მიჰყვება მთელი მთავრობა. ამის შემდეგ პარლამენტი ვალდებულია შექმნას ახალი მთავრობა, მაგრამ ახალი მთავრობის შექმნა შესაძლებელია, თუ დასახელებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერს მინიმუმ 76 დეპუტატი. თუ პარლამენტმა მთავრობა ვერ შექმნა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ექნება ვალდებულება, რომ პარლამენტი დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. არსებითად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვადამდელი არჩევნების ვარაუდი, თუ უმრავლესობა ვერ შექმნის ახალ მთავრობას”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. იგი თავის დროზე იმ სკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც დღეს მოქმედი კონსტიტუციის პრინციპების ნაწილი შეიმუშავა.

 

მისივე თქმით, თუ მმართველი კოალიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა, მთავრობა თვითონ არ გადადგეს, მაგრამ პარლამენტის უმრავლესობამ გამოუცხადოს მას უნდობლობა, რის შემდეგაც არა მხოლოდ მთავრობა უნდა შეცვალოს, არამედ ახალი მთავრობაც ჩამოაყალიბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს. ასევე, დემეტრაშვილის თქმით, თუ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა 7 მინისტრს შეცვლის, პარლამენტის ნდობა ხელახლა დასჭირდება. დღეისათვის ირკალი ღარიბაშვილს უკვე ოთხი მინისტრი ჰყავს შეცვლილი: ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე და მაია ფანჯიკიძე. თუ იგი სამ მინისტრსაც შეცვლის, მთავრობას განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის ნდობა ისევ დასჭირდება და ამ უკანასკნელს პრეზიდენტისათვის მისი დათხოვის უფლების მიცემის შესაძლებლობა მიეცემა.

 

ვის აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

 

როგორც ირკვევა, ვადამდელი არჩევნებისათვის საჭიროა დიდი საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისი, რომლის პროვოცირებაც ცალკე აღებულ საპარლამენტო ოპოზიციას დამოუკიდებლად არ შეუძლია. განცხადებებს კი იმის შესახებ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული არ არის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ასევე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ, თან ამას აკეთებენ 7 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც რიგგარეშე არჩევნები ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა.

 

“ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრის გააქტიურება შეიძლება გამოწვეული იყოს ურთეირთობების გართულებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შიგნით”, – აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია. მისი თქმით, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, მისი რეალური მიზეზი იქნება პრობლემები „ქართული ოცნების“ შიგნით. რაც შეეხება პრობლემებს, ნოდია ასახელებს ზაქარია ქუცნაშვილისა და კიდევ  20-მდე დეპუტატის დაპირისპირებას უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის წინააღმდეგ პრეზიდენტთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე, პარტიულ კრიზისს აჭარის უმაღლეს საბჭოში და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას კოალიციის წევრ რესპუბლიკელებთან დაკავშირებით.

2013-2014 წლებში ჩატარებული საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი მზარდი არ იყო. კერძოდ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 62% მიიღო, ერთი წლის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა გუნდმა პროპორციული თვალსაზრისით 50.82% აიღო, ხოლო რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმსა და თბილისში მისმა მერობის კანდიდატმა 50%-ზე ნაკლები აიღო და პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვა. NDI-ს მიერ გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნებილი სოციოლოგიურ კვლევის მიხედვით კი, “ქართულ ოცნებას” მხარს 42 პროცენტი უჭერდა, ეს კი პარლამენტში უმრავლესობით შესვლისათვის საკმარისი არ არის. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება მმართველი გუნდის რეიტინგზე ამჟამად ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები მმართველი გუნდის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს:

 

“ჩვენ ჯერ არ ვიცით ახალი კვლევების შედეგები, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველ გუნდს საზოგადოების მხარდაჭერა არ გაეზრდებოდა. ან იგივე შეუნარჩუნდებოდა, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, ან უფრო სავარაუდოა, რომ მხარდაჭერამ მოიკლო. შესაბამისად, მმართველ კოალიციას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ის კვლავაც მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი.

 

განსხვავებით “ქართული ოცნებისაგან”, ზემოხსენებული ორი არჩევნების შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ენმ-ს რეიტინგი მცირედით გაიზარდა. მაგალითად, თუ 2013 წელს დავით ბაქრაძემ ხმების 21.72% მიიღო, 2014 წელს ენმ-მ ქვეყნის მასშტაბით პროპორციული თვალსაზრისით 22.42%, ხოლო თბილისში მისმა კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმების 28% დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, კაჭკაჭიშვილის მიიჩნევს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნები არც ამ პარტიას აწყობს:

 

“ენმ-ს მმართველ გუნდზე ამომრჩევლების გულაცრუების პირდაპირპროპორციულად არ ეზრდება თავისი რეიტინგი…  ენმ-ს ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი, მაგრამ მას ამომრჩევლის ახალი ნაკადის მიმხრობის პერსპექტივა არ აქვს”. კაჭკაჭიშვილი ენმ-ს რეიტინგს 20-25 პროცენტის ფარგლებში ვარაუდობს.

 

რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ახლა არჩევნები, კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ იმ ძალებს, რომელთაც “ქართულ ოცნებაზე” გულაცრუებული, ასევე, ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლების ნიშის დაკავებაზე ექნებათ პრეტენზია, მათ შორის ნინო ბურჯანაძის, ირმა ინაშვილის და ირაკლი ალასანიას პარტიებს.

 

“შესაძლოა, ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა ახალი პოლიტიკური სუბიექტების შესვლა გამოიწვიოს პარლამენტში, მათ შორის ალასანიამ, ირმა ინაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ შეიძლება მიიღონ გარკვეული ქვოტები. ასე რომ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პარლამენტში კიდევ უფრო მეტ სიჭრელეს მოიტანს.  ჩვენ სულ რაღაც მესამე ძალისთვის გაჩენილ ნიშაზე ვსაუბრობთ ქართულ პოლიტიკაში, რასაც პრინციპში საფუძველი აქვს, ოღონდ ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ძალაა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მათ აქვთ შანსი დაიკავონ ადგილები პარლამენტში”, – აცხადებს სოციოლოგი.

 

პოლიტიკური ბლეფი?

 

არსებობს ერთი თეორიული არგუმენტი, რის გამოც “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური კრიზისისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს. თუ მმართველი გუნდის რეიტინგი კლებას დაიწყებს, მას ურჩევნია, რომ არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩაატაროს, რადგან საარჩევნო მარათონს უფრო მაღალი რეიტინგის პირობებში შეხვდეს. ცნობილია, რომ “ქართულ ოცნებაში ახალ სახეებზე უკვე დაიწყეს ფიქრი და ამ მიზნით ინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდისის? წევრებსაც შეხვდნენ. ზემოხსენებულ არგუმენტს კაჭკაჭიშვილი სკეპტიკურად უყურებს:

 

“ასეთი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს, რადგან ახლა რამდენ პროცენტსაც აიღებს, არაფრით იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე მას ჰქონდა 1 წლის წინ. თუ ასე გაგრძელდა ხელისუფლების რეიტინგის შემცირება, დიახ, 2016 წელს მიიღებს უფრო ნაკლებ ხმებს, ვიდრე ახლა მიიღებდა, მაგრამ სხვა შანსიც ხომ არსებობს? კარგი პროექტები განახორციელონ… მე ვფიქრობ, რომ ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას, რადგან ის დღევანდელი წონით ვერ მოვა ხელისუფლებაში. სამაგიეროდ მას აქვს შანსი, რომ 2016 წლამდე საკუთარი იმიჯი გაიუმჯობესოს”, – აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი.

 

თუ ვადამდელი არჩევნები არა მმართველი გუნდის, არამედ ირაკლი ალასანიას, ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ინტერესში შედის, მაშინ რატომ საუბრობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილი იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნების 2016 წლამდე ჩატარება გამორიცხული არ არის, როდესაც მისი პროვოცირების ბერკეტები სწორედ კოალიციის ხელშია? – გია ნოდია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა ეს განცხადება განზრახ გააკეთა ურჩი თანაგუნდელების დასაშინებლად და მათთვის იმის მისანიშნებლად, რომ დაკავებული მანდატები შესაძლოა ახლავე დაკარგონ:

 

“თვითონ პარლამენტის წევრებს არ აწყობთ ახალი არჩევნები, იმიტომ, რომ გარანტია არა აქვთ პარლამენტში ისევ მოხვედრის. ასე რომ, პარლამენტის დაშლის პერსპეექტივაზე საუბარი შეიძლება მუქარაც იყოს”, – ამბობს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი