ახალი ამბები

ანაკლიის პორტით გაიზრდება საქართველოს „ნატოში“ შესვლის მიზანშეწონილობა — ამერიკელი გენერალი

9 სექტემბერი, 2019 • 4846
ანაკლიის პორტით გაიზრდება საქართველოს „ნატოში“ შესვლის მიზანშეწონილობა — ამერიკელი გენერალი

გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო, აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენებით გაიზრდება საქართველოს ჩრდილო-ატალნტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO-ში) გაერთიანების შანსი.

„ანაკლიის პორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც საქართველო შეასრულებს ჰაბის როლს, რომელიც ევრაზიას ევროპასთან აერთებს. ამ ღრმაწყლოვან პორტს აქვს უამრავი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისთვის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი შავი ზღვის რეგიონისთვის“, — განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა 9 სექტემბერს „ნეტგაზეთის“ კითხვის პასუხად.

„რუმინეთი მაშინვე მიიღებს სარგებელს, კონსტანცა [პორტი რუმინეთში, შავი ზღვის უდიდესი პორტი] გახდება მნიშველოვანი პორტი, მდინარე დუნაი გახდება მნიშვნელოვანი არტერია, რადგან დაიწყება კონტეინერების გადაზიდვა დუნაის მეშვეობით, ევროპის შუაგულისაკენ“, — თქვა ჰოჯესმა, რომელიც ამჟამად ევროპული პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრში (CEPA) მუშაობს.

„რა თქმა უნდა, ზუსტად ამის გამო არ სურს რუსეთის ფედერაციას, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს. მე წარმომიდგენია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები რეგულარულად ეწვევიან ხოლმე ანაკლიის პორტს მონტრეს კონვენციის შეზღუდვების ფარგლებში, რაც ასევე გააძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში“, — თქვა მან თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ EPRC-ისა და ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ერთობლივი ღონისძიების შემდეგ.

„დაბოლოს, მიზანშეწონილობა იმისა, რომ საქართველო გახდეს ალიანსის [ნატოს] წევრი, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახლა ევროპაში ყველა ქვეყანას ექნება ინტერესი იმისა, რომ საქართველო უსაფრთხოდ იყოს, რადგან ეს პორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის ევროპაში“, — განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

გენერალმა ჰოჯესმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა: „ვისურვებდი ხელისუფლების მხრიდან უფრო ხმამაღალ, ძლიერ განცხადებებს, რომ მხარს უჭერენ ამ პროექტს… ანაკლიის პორტი საქართველოსთვის იქნება ის, რაც აშშ-სთვის იყო საჰაერო პროგრამა [რისი ნაწილიც არის NASA –  აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო]. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის რამ არის… იმდენ რამეს შეცვლის“. მისი თქმითვე, პორტის კონტროლი ჩინეთსაც სურს:

„რუსეთს არ უნდა, რომ პროექტი განხორციელდეს იმ მიზეზების გამო, რაც ახლა ჩამოვთვალე. ჩინეთს კი უნდა, რომ თვითონ აკონტროლოს. ამიტომ უნდა შევეჯიბროთ“.

9 სექტემბერსვე, ამავე კონფერენციაზე წამყვანმა ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით, ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საეტაპო, ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის და ქვეყანამ მისი აშენება არ უნდა გადადოს.

ნუ გადადებთ ანაკლიის პორტის აშენებას — აშშ-ის წამყვანი დიპლომატი

ნახეთ ასევე:

აშშ-ჩინეთის ინტერესთა გადაკვეთა ანაკლიაში და საქართველო

შენიშვნა: მასალის პირველად ვერსიაში გენერალი ჰოჯესის ციტატაში მონრეალის კონვენცია არაზუსტად იყო მითითებული. სინამდვილეში მან მონტრეს კონვენცია ახსენა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი