ახალი ამბები

“ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ” – ვიხილავთ თუ არა კოჟორიძეს ხაზარაძის მოძრაობაში

9 სექტემბერი, 2019 • 901
“ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ” – ვიხილავთ თუ არა კოჟორიძეს ხაზარაძის მოძრაობაში

დაუდასტურებელი ინფორმაციით, იურისტი კახა კოჟორიძე, შესაძლოა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყოს.

“ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ”, – ამბობს საიას ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 2 დღეში გამოაცხადებს მის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალურად დაფუძნების თარიღს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დააარსებს პარტიასაც.

9 სექტემბერს სასტუმრო რუმსში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

“ამ კვირაში, ორ დღეში, გამოვაცხადებთ დაფუძნების თარიღს, დროს და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე, შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია”.

უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის სპიკერი ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იქნება. ახალ სახეებზე ნეტგაზეთი ანა ნაცვლიშვილსაც ესაუბრა. მანაც გვითხრა, რომ ყველაფერს მალე გავიგებთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი