“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 2 დღეში გამოაცხადებს მის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალურად დაფუძნების თარიღს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დააარსებს პარტიასაც.

9 სექტემბერს სასტუმრო რუმსში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

“ამ კვირაში, ორ დღეში, გამოვაცხადებთ დაფუძნების თარიღს, დროს და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე, შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია”.


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.