სასამართლოსთან 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომების პარალელულად, საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია იმართება.

დღეს, 9 სექტემბერს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 7 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე რუსუდან თამლიანი ამბობს, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან უდანაშაულონი არიან.

პროკურორის, გიორგი მუკბანიანის თქმით კი, საქმეში მკიცებულებების სახით წარმოდგენილია ვიდეომასალები, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები.

“ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვიმედოვნებთ, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება”,-ამბობს პროკურორი.

20-21 ივნისის აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები. დაშავებულთა შორის იყო მედიის 40-მდე წარმომადგენელი და 80-მდე პოლიციელი. აქტივისტები და ოპოზიცია დარბევაზე პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.