არჩევნები აფხაზეთში, როგორც მომენტი სასარგებლო ცვლილებებისთვის – International Crisis Group

“არჩევნები აფხაზეთში, რომელიც ბევრს არალეგიტიმურად მიაჩნია, კარგი მომენტია კურსის კორექტირებისთვის”, – ასე ჰქვია სტატიის იმ ქვეთავს რეკომენდაციებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია “კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა”, ოლესია ვართანიანის ავტორობით, აფხაზეთში არჩევნებამდე გამოაქვეყნა და აფხაზეთსა და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიას შორის ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის მრავალ საკითხს შეეხება. 

ტექსტში ის პრობლემებია აღწერილი, რომლებსაც აწყდებოდა გალის რაიონის ქართული მოსახლეობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, სანამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში რაულ ხაჯიმბა იმყოფებოდა. ადგილობრივ ქართველებს დოკუმენტები ჩამოართვეს, დახურეს გამშვები პუნქტები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან. ეს ანგრევს ადგილობრივი ქართველების ახლობლებთან  ურთიერთობას, ასევე, აღრმავებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საკვებისა და მედიკამენტების ბაზართან სამეგრელოში.

აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად,  International Crisis Group-ის აზრით, საჭიროა გაკეთდეს შემდეგი: 

  • ენგურზე, მთავარ ხიდზე და საბერიო-ფახულანის სოფლებს შორის გამშვებ პუნქტებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას.  მიმდინარე წლის ივნისში დე ფაქტო მთავრობებმა და მათმა რუსმა პარტნიორებმა აღნიშნული პუნქტები დახურეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ. დაახლოებით კვირანახევრის შემდეგ კვლავ დაუშვეს გარკვეული კატეგორიის ადამიანთა გადაადგილება, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და 18-დან 65 წლამდე კაცებისა, რომლებიც, როგორც ისინი მიიჩნევენ, შესაძლოა, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ. 
  • უნდა განიხილონ შესაძლებლობა, აღდგეს მინიმუმ ორი გამშვები პუნქტი, მაგალითად, სოფელ ნაბაკევსა და ოტობაიასთან. ისინი ყველაზე მსხვილი დასახლებებია გალის რაიონში, სადაც ადამიანები იტანჯებიან ქართულ მხარეს არსებული ბაზრებისა და მაღაზიების გარეშე.
  • დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს შეხვედრები  IPRM -ის მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც შეჩერდა დე ფაქტო ხელუსუფლების პროტესტის ფონზე თბილისში მიღებულ “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” სიასთან დაკავშირებით, ასევე, შეხვედრების დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების საკითხის განხილვის ამოღების მოთხოვნის გამო.

აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართული არჩევნების პირველმა ტურმა აშკარა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა. ქვეყნების უმრავლესობა აღნიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურსა და უკანონოს უწოდებს, რადგანაც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად განიხილავენ. ეთნიკური ქართველები ჩამოშორებული არიან არჩევნებს და არც საერთაშორისო დამკვირვებლები იმყოფებიან იქ. ამის მიუხედავად, არჩევნები აფხაზეთში კარგად არის ორგანიზებული და მისი გასაჩივრებაც რეალურია. კანდიდატები აქტიურად პაექრობდნენ და სერიოზულ პოლიტიკურ დისკუსიებშიც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის, ეთნიკური ქართველების მდგომარეობის საკითხებზე.

ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პოზიციაზე, მოუწევს შეაფასოს ის, თუ როგორ განხორციელდება გადადგილების შეზღუდვის საკითხები. 

დღეს ორივე მხარის ძირითადი პოზიციები აშკარაა. ერთი მხრივ, არსებობს რწმენა იმისა, რომ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოსთან წვდომა ზიანის მომტანია, მეორე მხრივ კი, გადადგილების შეზღუდვას უარყოფითი მხარეები აქვს, მათ შორის, ეკონომიკის შესუსუტება სამხრეთ აფხაზეთში და აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება, რაც შეიძლება არასტაბილურობაში გადაიზარდოს. 

არჩევნების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს  სამხრეთ ოსეთში განვითარებული უკანასკნელი მოვლენებიც. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა კი მხოლოდ 30 000 ათასია, ბევრად ნაკლები, ვიდრე აფხაზეთის მოსახლეობა. იქ გადადგილების შეზღუდვა და გამშვები პუნქტების დახურვა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. აღნიშნული ქმედებების გამო ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საკმაოდ მძაფრი განცხადებები გააკეთეს, მათ შორის, რუს კოლეგებთან შეხვედრებზე.

24 აგვისტოს თბილისმა სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან ახალი პოლიციის საგუშაგო განათავსა, რის შემდეგადაც ცხინვალი შეტევით დაემუქრა თბილისს, თუკი ეს უკანასკნელი აღნიშნულ საგუშაგოს არ აიღებდა. მხარეთა ურთიერთბრალდებები ერთი კვირა გაგრძელდა. ესკალაციის მაღალი რისკის გათვალისწინებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს საკამათო საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება.

ქართულ-რუსული სამომავლო ურთიერთობების გაუარესება საფრთხეებს ქმნის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ  მის გარეთაც. 

ქართული ოფიციალური პირები საჯარო გამოსვლებსა და დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ აფხაზეთში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე.

ამ ეტაპზე უცხოელი შუამავლები ევროკავშირიდან [EU], ეუთოდან [OSCE] და გაეროდან [UN] ცდილობენ სიტუაციის დამშვიდებას. მათ გააკრიტიკეს გამშვები პუნქტების დახურვა და მხარეებს მოუწოდეს ურთიერთობის გაღრმავებისკენ.  

ამ ფონზე დროა სოხუმმა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას გადაადგილების შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით. დე ფაქტო ხელისუფლების ლოიალურმა მიდგომამ შეიძლება პოტენციურად დაასტაბილუროს სიტუაცია.

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, რომლის თანხმობა და მხარდაჭერა აუცილებელია ნებისმიერი ახალი პოლიტიკის განსახორციელებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვების შესუსტება ასევე გონიერი ნაბიჯი იქნებოდა მისი მხრიდან. 

სამხრეთ ოსეთის აგვისტოს კრიზისთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ მოსკოვი იაზრებს საქართველოში კონფლიქტის განახლების რისკებს. 

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ოსეთში არსებულ არასტაბილურ ვითარებას[იმავე ლოგიკით, როგორც აფხაზეთში] მოსკოვი განიხილავს როგორც დამატებით და არასასურველ დაძაბულობას დასავლეთთან. არასტაბილური სიტუაცია ასევე აუარესებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს, რომელიც 2008 წლის შემდეგ გაუმჯობესდა ორმხრივი ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორობის იმედით. რესურსების ხარჯვა და ვითარების მართვა რუსეთს დააზარალებს როგორც ფინანსურად, ასევე- სტრატეგიულად.

მეტი მშვიდობა გამყოფ ხაზთან ხელს შეუწყობდა იმ ახალი საშიში ინციდენტების თავიდან აცილებას, რომელიც პოტენციურად ემუქრება ადგილობრივ მოსახლეობასა და რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურებს. 

დაახლოებით 10 წლის განმავლობაში რეგიონში მხოლოდ ერთი რუსი სამხედრო იყო მოკლული. თუმცა, შესაძლოა, ეს ნაწილობრივ იყოს თბილისის სამშვიდობო რიტორიკის დამსახურებაც.

რაც მეტად იმედგაცრუებულია ეთნიკურად ქართული მოსახლეობა და მაღალია დაძაბულობა სოხუმსა და თბილისს შორის, მეტია რისკი იმისა, რომ რაღაც ისე ვერ “წავა”. 

რუსეთის მხარდაჭერით სოხუმს შეუძლია შეასუსტოს ეს დაძაბულობა და გადასავლელებზე შეზღუდვები მოხსნას. გასათვალისწინებელია, რომ გამშვები პუნქტები წლების წინაც იყო გახსნილი და ეს კაპიტულაციად არ უნდა აღიქვან. სოხუმს შეუძლია მოწყვლადი მოსახლეობის მხარდამჭერადაც კი გამოვიდეს.

ადრე თუ გვიან დე ფაქტო ხელისუფლებებმა და მათ რუსმა პარტნიორებმა უნდა გადახედონ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება დასახლებულ სოფლებთან ახლოს გადასასვლელი პუქნტების დახურვას. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა გამშვები პუნქტები სოფელ ნაბაკევთან და ოტობაიასთან. ამ სოფლებს შორის და მათ მეზობლებთან გადაადგილება სირთულეებს არ შეუქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და კეთილი ნების ფორმირებასაც შეუწყობდა ხელს.

არანაკლებ მწვავედ დგას საკითხი საერთშორისო შუამავლების მეთვალყურეობით 2009 წელს შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართველ, რუს და დე ფაქტო აფხაზ ძალოვნებს შორის რეგულარული შეხვედრების დაშვების შესახებ, რომელიც წელიწადზე მეტია არ ტარდება. 

აღნიშნული შეხვედრები 2016 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარღიდან ექვსი გასროლით მოკლა ეთნიკური ქართველი აფხაზეთიდან.

მხარეებს შორის გარკვეული სატელეფონო კავშირები გაგრძელდა, თუმცა ერთმანეთის ინფორმირება ვერ ხერხდება უსაფრთხოების საკითხთა რეგულარული განხილვების არარსებობის გამო, მათ შორის- გამშვები პუნქტების დახურვაზე.  

შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ დაძაბულობის მოხსნის მარტივი საშუალება ან მექანიზმი იმ დროს, როდესაც თავს იჩენს ინციდენტები ან პოლიტიკა იცვლება. 

დე ფაქტო ხელისუფლება და მისი რუსი პარტნიორები დაინტერესებული უნდა იყვნენ გამყოფ ხაზთან პრობლემების მოგვარებით, რათა აირიდონ კიდევ უფრო დიდი საფრთხე. 

სტაბილურობის გასაღები ეთნიკური ქართველების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა აფხაზეთში და არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება. 

 

სტატიის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი