ახალი ამბები

ომბუდსმენი: დედებს სრულფასოვანი განათლების მიღება და კარიერიული წინსვლა უნდა შეეძლოთ

3 მარტი, 2015 • 996
ომბუდსმენი: დედებს სრულფასოვანი განათლების მიღება და კარიერიული წინსვლა უნდა შეეძლოთ

სახალხო დამცველის განცხადებით, ორივე მშობელი და საზოგადოება თანაბრად უნდა ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების აღზრდა–განვითარებისთვის.


“ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა დედებს ხელი შეეწყოთ, შესძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება, წარმატებული კარიერული წინსვლა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა, რაც საბოლოოდ ისევ მათი ოჯახების და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე აისახება დადებითად,”– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.


ომბუდსმენის განცხადებით, ოჯახში ძალადობის შესწავლილი ფაქტებიდან იკვეთება, რომ ძირითად შემთხვევაში მსხვერპლები ქალები არიან, რომლებსაც ძალადობრივი გარემოდან თავის დაღწევა შვილებთან ერთად უწევთ.


“ისინი მარტონი იბრძვიან თავიანთი და შვილების უსაფრთხოების დასაცავად და უამრავი პრობლემის გადალახვა უწევთ, რათა საბოლოოდ უსაფრთხო გარემოში აღზარდონ შვილები. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალია, გავაცნობიეროთ, თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ძალადობის მსხვერპლი დედები და მაქსიმალურად გავაძლიეროთ მათი დაცვის ღონისძიებები, შევუქმნათ ისეთი პირობები, სადაც შიშის გარეშე, მომავლის იმედით შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას”.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, განსაკუთრებული ზრუნვის საგნად უნდა იქცეს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა; მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დედების დაცვა; პატიმარი დედებისა და მათი შვილების საჭიროებების გათვალისწინება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებსა და განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა დედებისთვის ხელშეწყობა.

 

“სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგად იქნება შესაძლებელი დედებისათვის ისეთი თარიღის გულრწფელად მილოცვა, როგორიც 3 მარტია, როცა პასუხისმგებლობები თანაბრად იქნება განაწილებული და ყველა ჩვენთაგანი თავის თავზე აიღებს ზრუნვის იმ მცირედ ნაწილს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდისათვის არის საჭირო.”


სახალხო დამცველი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, რომ დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირების მიზნით და უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი განხილვების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური მონაწილეობა.


 

დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება, ასევე, მარტში ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი