ეს არის პირველი Manchise (ფრენჩაიზისა და მენეჯმენტის ნაზავი) პროექტი, რომელსაც Adjara Group Hospitality-იმ 2014 წლის მარტში IHG-სთან დადებული ხელშეკრულების ხელმოწერისას ჩაუყარა საფუძველი. პროექტი ითვალისწინებს 3 წლიან მენეჯმენტს IHG-ის მხრიდან, რასაც მოყვება ფრენჩაიზის შეთანხმება და მენეჯმენტის უფლება სრულად გადაეცემა Adjara Group Hospitality-ის.
სასტუმრო InterContinental Tbilisi განთავსდება თბილისის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩის #14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში, საერთო ფართით 27,000 კვ. მ. და 259 სასტუმრო ოთახით. სასტუმროში ასევე განთავსდება: აპარტამენტები, მათ შორის საპრეზიდენტო, დახურული და ღია აუზები, საერთაშორისო ბრენდის სპა, რესტორანი, ქლაბ ლაუნჯი, საბანკეტო სივრცე, საგამოფენო სივრცე და ოთხი საკონფერენციო დარბაზი. ინტერიერის დიზაინის შემუშავებაზე მუშაობს კომპანია Jestico + Whiles.
ხსენებული პროექტის საერთო ღირებულება 53 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მას Adjara Group Hospitality-სთან ერთად EBRD და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ. მიმდინარე ეტაპზე მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დასაქმდება 350-მდე თანამშრომელი. სასტუმრო InterContinental Tbilisi-ის გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
საქართველოს ბანკმა ქვეყანაში პირველმა დაიწყო სასტუმროების სექტორის დაფინანსება. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასტუმროების სექტორზე გაცემული დაფინანსების პორტფელმა 132.1 მლნ ლარი შეადგინა.
Adjara Group Hospitality-ი საქართველოში ყველაზე დიდი, სწრაფად მზარდი კომპანიაა ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს: Holiday Inn Tbilisi, Rooms Tbilisi და Rooms Kazbegi, ასევე სამომავლო პროექტს Crowne Plaza ბათუმში.