ახალი ამბები

ჩემი იზოლირება შედეგს ვერ გამოიღებს, „მთავარი არხი“ ეთერში გავა — გვარამია

6 სექტემბერი, 2019 • 1410
ჩემი იზოლირება შედეგს ვერ გამოიღებს, „მთავარი არხი“ ეთერში გავა — გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, დააკავებენ თუ არა, „მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ის ახალი ბრალის წარდგენას სწორედ ამ ახალი არხს უკავშირებს.

„მიზეზი არის ეს [„მთავარი არხის“] მიკროფონი“, — თქვა მან კითხვაზე, რას უკავშირებს ბრალის დამძიმებას. მას უკვე ჰქონდა ბრალი წარდგენილი „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის“. 6 სექტემბერს კი ახალი ბრალი წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურის თანახმად:

გვარამიას ბრალი ედება რუსთავი2-ის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვაში, რაც „ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამხახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“. ასევე, პროკურატურის ცნობით, მას ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

გვარამია 18:00 საათისთვის პროკურატურაში მივიდა, რათა ოფიციალურად წარუდგინონ ბრალი. შესვლის წინ განაცხადა: „დღეს ვარ აბსოლუტურად მშვიდი“. მან „ანეკდოტი“ და „გამოგონილი ისტორია“ უწოდა პროკურატურის საბრალდებო დასკვნას. „პროკურატურისგან მომდის ანეკდოტები. გამოგონილი ისტორიები, რაც ბუნებაში არ ყოფილა… ამას რა უნდა უპასუხო“?

მან განაცხადა, რომ არის მშვიდად, რადგან „მთავარი არხი“ უკვე მზადაა, დაიწყოს მაუწყებლობა და ამაზე მისი შესაძლო დაკავება გავლენას ვერ მოახდენს: „შესაძლოა, ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეც უკვე გავაკეთე და დავასრულე. ამ მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა, ყველაფერი მზად არის. ყველაფერი გაკეთებულია და ჩემი სადმე ჩაჯენა, იზოლირება და ა.შ., არავითარ შედეგს არ გამოიღებს“.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ დააკავებენ, უპასუხა: „ველოდები ყველაფერს, საერთოდ არ მიმაჩნია ხელსუფლებისგან მოულოდნელობად, რომ დაგვაკავონ მეც, სხვებიც, რადგან ეს ხელისუფლება გადასულია ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვრებიდან“.

პროკურატურამ ამავე საქმეზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი:  „რუსთავ 2″-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

დამენიას ედავებიან „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.“

იაშვილს ედავებიან „კომერციული მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

გვარამია, დამენია და იაშვილი 6 სექტემბერსვე დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში ბრალის წარსადგენად. პროკურატურა აცხადებს, რომ დამენიასთვის და იაშვილისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ ისინი სასამართლოს მიმართავენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. ჯერჯერობით უცნობია, რა აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა.

ვრცლად:

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი