მერიის ცნობით, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოს სახით 20 000, 7 000 და 3 000 აშშ დოლარი გადაეცემა.
ესკიზური პროექტები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საუკეთესო საკონკურსო კონცეფციის საფუძველზე თბილისის არქიტექტურის სამსახური დაამუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას და გასცემს შესაბამისი მშენებლობის ნებართვას.
მერიის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ღიაა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე, მოქალაქეობის არქმონე პირებისთვის.
“ბოლო წლების განმავლობაში თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქუჩის განვითარების არაერთი კონცეფცია წარედგინა, თუმცა არც ერთი მათგანი მოცემულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა”, – აცხადეს თბილისის მერია.
მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის კონკურსის გზით შერჩევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ინვესტორ კომპანია „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლებს შორის 23 თებერვალს გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა ასოციაციის, „ტფილისის ჰამქრისა“ და შპს „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, ცნობილი არქიტექტორები და ურბანისტები.
მერიაში შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, მოაწყოს საკონკურსო ნამუშევრების საჯარო გამოფენა, რათა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაეცნონ წარმოდგენილ ნამუშევრებს და საკონკურსო კომისიას წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები.
საკონკურსო ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა და მათი საკონკურსო კომისიის სხდომებზე განხილვა იწარმოებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ხოლო კონკურსში მონაწილე ესკიზური პროექტების ავტორების ვინაობა ცნობილი მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გახდება.