ახალი ამბები

კობახიძის გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი არ იყო – გახარია

6 სექტემბერი, 2019 •
კობახიძის გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი არ იყო – გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ 20 ივნისს მომხდარის გამო ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა სამართლიანი არ იყო:

“[მისი თანამდებობიდან გადადგომა] ბატონი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.”

გახარიამ ეს განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ.

22 ივნისს პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომა დაგვიანებული იყო.

პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კობახიძე 21 ივნისს გადადგა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აქცია დაარბია.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი