ახალი ამბები

ცნობები მაკო გომურის საშვზე – აქტივისტებისა და დეპუტატის განმარტება

6 სექტემბერი, 2019 • 1686
ცნობები მაკო გომურის საშვზე – აქტივისტებისა და დეპუტატის განმარტება

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილი და ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი 20 ივნისის დარბევისას დაზარალებული მაკო გომურისა და მისი საპარლამენტო საშვის ირგვლივ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურებიან. საქმე ეხება დღეს, 6 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.

დღეს, 6 სექტემბერს, გიორგი გახარიას პოლიტიკისა და მისი პრემიერად წარდგენის მოწინააღმდეგე აქტივისტები პარლამენტის შენობაში კვლავ არ შეუშვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ სახელზე საშვები იყო დაშვებული, თუმცა დაცვის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ სისტემური ხარვეზის გამო ვერ უშვებდნენ შენობაში.

აქტივისტებმა დაცვას ჰკითხეს, შეუშვებდნენ თუ არა შენობაში 20 ივნისის ღამით დაზარალებულ მაკო გომურს, რომელზეც ასევე იყო დაშვებული საშვი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კი პარლამენტში მიმდინარე სხდომისას პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ასეთი კითხვით მიმართა:

“მაკო გომური, რომელიც ახლა ქვემოთ დგას, აქვს თუ არა უფლება, იყოს ახლა ამ დარბაზში?”

მოგვიანებით მედიაში გავრცელდა სქრინები, რომელზეც, სავარაუდოდ, მაკო გომურის ფეისბუქ-სტატუსი ჩანს. პოსტში ის წერს, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ცოტა ხნით ადრე გაიგო, რომ მის სახელზე პარლამენტში საშვი იყო დაშვებული.

“ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა”, – წერია პოსტში, რომელიც ამ დროისთვის მაკო გომურის პროფილზე აღარ იძებნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში “სირცხვილიას” წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა მეოთხე დღეა, აქციის მონაწილეებს პარლამენტში არ უშვებენ, საშვები საპროტესტო მოძრაობის ყველა წევრის სახელზე აიღეს, მათ შორის მაკო გომურსა და სხვა აქტივისტებზე, რომლებიც დღეს პარლამენტთან არ იმყოფებოდნენ. დიღმელაშვილის თქმით, ეს ფორმალური პროცედურა იყო და არც არსებობდა მოლოდინი, რომ აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას შეძლებდნენ.

“…4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია, მაგრამ ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი, რაღა თქმა უნდა, გამართლდა – ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.

გუშინ, გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით, თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა “სისტემამ გაჭედა”, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია მაკოსთვის, დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს”.

მომხდარზე განმარტება დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაც გაავრცელა. ის სოციალურ ქსელში წერს:

“პარლამენტის დარბაზში სხდომისას აქციის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ არ უშვებდნენ პარლამენტში, მათ შორის მაკო გომურს, რომლის სახელზეც საშვი იყო დაშვებული. გახარიამ ჩემს კითხვაზე, აქვს თუ არა გომურს უფლება, ესწრებოდეს სხდომას, თუ ამის სურვილი აქვს, მიპასუხა, რომ თქვენ (ენმ-ს) დაგასრულებთო. ესაა და ეს მთელი ამბავი”.

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტში დღესაც არ შეუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი