ენმ-მ გახარიას მოსმენა პარლამენტში პროტესტის ნიშნად შეწყვიტა

ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შეწყვიტა ფრაქციის სხდომა, სადაც უნდა მოესმინათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთვის.

ენმ-ის წევრები მანამდე ითხოვდნენ, პარლამენტში შეეშვათ ის აქტივისტები, რომელთა სახელზე დაშვებულია საშვი, თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე დღეა, საკანონმდებლო ორგანოში მათ არ უშვებენ. აქტივისტები აღნიშნულს შენობის გარეთ, ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფორმით აპროტესტებენ.

“საქართველოს ამ ხელისუფლების მიერ კანონის ფეხქვეშ გათელვა არ არის უცხო, მაგრამ დღეს, ამ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც მტკიცდება გავრილოვის მთავრობა, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაცია იმდენს ბედავს, რომ არ უშვებს იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც აქვთ მორალური და კანონიერი უფლება, იყვნენ ამ დარბაზში და შეახსენონ თავი, ასევე, იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ამ მთავრობამ. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია თქვენი მოსმენა და ვწყვეტთ სხდომას”, – ასე დაასრულა ფრაქციის სხდომა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა პარლამენტში 4 სექტემბრიდან მიმდინარეობს, რაც 8 სექტემბერს მათთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრის გამართვით უნდა დასრულდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.