ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთის როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში

28 თებერვალი, 2015 •
თურქეთის როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში

თურქეთის დიპლომატების ვიზიტები აფხაზეთში 2009 წლიდან გააქტიურდა, როცა სოხუმში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანალ სევიკოზი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში აფხაზ ოფიციოზთან გამართული შეხვედრების დროს თურქეთ-აფხაზეთის პოტენციური ეკონომიკური პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

2011 წელს აფხაზეთს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის დეპარტამენტის ხელძღვანელი ნურდან ბაიაკტარი, საქართველოში თურქეთის ელჩ ლევეტ მურატ ბურჰანთან ერთად, ეწვია. ელჩის განცხადებით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრის მიზანი იყო ორმხრივი ურთიერთობების გაფართოვება-გაღრმავება. მისივე თქმით, თურქეთი იმედოვნებდა: “განეხილა აფხაზეთთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების დამყარების საკითხი”.  

 

2014 წელს ორი თურქული დელეგაცია ესტუმრა აფხაზეთს ჟურნალისტებისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სახით.

 

2015 წელი კი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩარიკბას თურქეთში ვიზიტით დაიწყო. მან შეხვედრები გამართა  თურქეთის მმართველი პარტიის “სამართლიანობა და განვითარების” თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და ანკარის დიდი რაიონის გიოლბაშის მერთან.

 

ზოგადად, გახშირებულ ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ჰქონია ოფიციალური განცხადება, არ გაგზავნილა თურქეთში საპროტესტო ნოტა, არ დაუბარებიათ თურქეთის ელჩი საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პოზიცია აფხაზეთში თურქი ჟურნალისტების ვიზიტის შესახებ რბილად დააფიქსირა საქართველოში თურქეთის ელჩთან შეხვედრის დროს: საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ (დავით ჯალაღანია) დააფიქსირა, რომ ამგვარი ფაქტები (ვიზიტები) არ შეესაბამება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება.

 

სამთავრობო პოზიციის თანახმად, რომელსაც ზაქარეიშვილი აჟღერებს თურქეთი კარგი პარტნიორია, რომელიც არასოდეს ავნებს ქართულ ინტერესებს.

 

“თურქეთი არის ჩვენი  მეგობარი სახელმწიფო და არასდროს გადადგამს საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს. როგორ გგონიათ, ის რაიმეს აფხაზებისთვის სასარგებლოდ გააკეთებს და საქართველოსთან დაპირისპირება ექნება? ეს გამორიცხულია. ბაღაფში იყო სააკაშვილის დროს ჩასული თურქეთში, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა. თურქეთი არის ძალიან სანდო სახელმწიფო და არასდროს გადალახავს ზღვარს. მან კარგად იცის, სად არის კერძო პირი და სად – ოფიციალური სიტუაცია. ამ ხალხის ჩასვლა იქ ყოველთვის ხდება, როგორც კერძო პირების. თქვენი ნებაა, თუ გნებავთ დაუჯერეთ აფხაზური მხარის, აფხაზების პროპაგანდას, მე არ გიკრძალავთ, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხე, რის გამოც, მაგალითად, მე უნდა ვინერვიულო,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა 19 თებერვალს, აფხაზური დელეგაციის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

 

ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, თურქეთს, როგორც ძლიერ რეგიონულ მოთამამაშეს, შესაძლებლობა ეძლევა ახალი მუხტი შეიტანოს, როგორც მედიატორმა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.   

 

თურქეთ-აფხაზეთის ეკონომიკური თანამშრომლობა

 

აფხაზეთის დე ფაქტო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2013-2014 წლებში  თურქეთი აფზახეთის ნომერ მეორე ეკონომიკური პარტნიორია რუსეთის შემდგომ [აღნიშნული სტატისტიკა არ ასახავს სავაჭრო ურთიერთობებს დანარჩენ საქართველოსთან]; აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვა ქვეყნების მიხედვით აჩვენებს, რომ მთელი ეკონომიკური ბრუნვის 14% პროცენტი მოდის თურქეთზე, 60%- რუსეთზე, ხოლო დარჩენილი 26%-  სხვა პარტნიორ ქვეყნებზე. ექსპორტის მიხედვითაც, როგორც ნომერ მეორე ყველაზე მსხვილ პარტნიორს, თურქეთს მთელი ბაზრის 28% უკავია, მაშინ, როცა იმპორტის მაჩვენებელი 12%-ითაა განსაზღვრული.

 

ვაჭრობა აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაოსნო მიმოსვლის გზით ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ 1996 წლიდან თურქეთი დსთ-ის სხვა ქვეყნებთან ერთად შეუერთდა ეკონომიკურ ემბარგოს აფაზეთის წინააღდეგ. 1999 წლიდან დღემდე საქართველოს სანაპირო დაცვამ 60-მდე გემი დააკავა, რომლებიც უკანონოდ კვეთდნენ საქართველოს საზღვაო სივრცეს აფხაზეთის მიმართულებით და უკან.

 

ქართული მხარე მისი საზღვაო სივრცის უკანონო კვეთას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად განიხილავს. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილება კრძალავს ყველანაირ ურთიერთობას ოკუპირებულ რეგიონებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი თანხმობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის შესახებ საქართველოს მთავრობა არ გასცემს.

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებსვე.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებით კი, მთავრობა  უფლებას იტოვებს  საკუთარი კანონმდებოლობის დასაცავად შეზღუდოს საზღვაო გადაადგილების თავისუფლება საქართველოს საზღვაო ეკონომიკური ზონის ფარგლებში შავ ზღვაში. შესაბამისად, აფხაზეთთან ყოველგვარი ურთიერთობა კოორდინირებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობასთან, რაც იგნორირებულია თურქული მხარის მიერ.

 

განსაკუთრებით არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნა 2009 წელს, როცა ქართულმა მხარემ დააკავა თურქული გემი „ბაკეტი“. ქართულმა სასამართლომ გემის კაპიტანს მიუსაჯა ოცდახუთწლიანი პატიმრობა. კაპიტნის გათავისუფლება მხოლოდ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ახლანდელი პრემიერ -მინისტრის აჰმედ დავითუღლუს მოთხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

„ბაკეტის“ ინციდენტის შემდგომ, საზღვაო მიმოსვლის თემაზე  2010 წელს  გაიმართა თურქულ-ქართული მოლაპარაკებები ბათუმში. მოლაპრაკების მთავარ მიზანს წარმოადგენდა  სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომლის ფარგლებში თურქეთი კანონიერად, საქართველოსთან შეთანხმებით, შეძლებდა მიმოსვლას და ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელებას აფხაზეთთან. აღნიშნულის განხორციელება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებისა და ნორმების ფარგლებში უნდა მომხდარიყო, თუმცა, მიუხედავად მხარეთა მოტივაციისა, მიეღწიათ შეთახმებისათვის, ორი მხარის დიპლომატიური მოლაპრაკება უშედეგოდ დასრულდა. უკანონო ზღვაოსნობის საკითხი კი დღესაც პრობლემატურ საკითხად რჩება.  

 

თურქული მხარე მის გააქტიურებას აფხაზეთში  კერძო ბიზნესის ინტერესებით ხსნიდა, ხშირად საუბარია იმაზეც, რომ თურქეთში არსებული აფხაზური დიასპორა აქტიურად ლობირებს აფხაზეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ფოტო: abkhazworld.com
ფოტო: abkhazworld.com

„უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის” წარმომადგენლის გიორგი სორდიას განმარტებით, მიუხედავად იმისა,  თურქეთს ოფიციალურ დონეზე არ გააჩნია აფხაზეთთან თანამშრომლობის სტრატეგია, მხარეები მაინც მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფებიან: „ოფიციალური თურქეთი ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განიხილავს აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად ან ცალკე მოთამაშედ რეგიონში, მაგრამ ფაქტობრივად სახეზე გვაქვს სიტუაცია როდესაც თურქეთის მოქალაქეები თამაშობენ რაღაცა როლს აფხაზეთის შიგნით. არის არაოფიციალურად გახსნილი ბიზნეს წარმომადგენლობები აფხაზეთში, აფხაზ და თურქ ბიზნესმენებს შორის პარტნიორობა ოფიციალურ დონეზე არსებობს“.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საკუთარ საქმიანობას აფხაზეთში ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ახორციელებს, თურქეთის ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთში თავისი დადებით მხარეებიც აქვს: იგი ხელს უწყობს აფხაზეთის ეკონომიკურ გაძლიერებას;  ამცირებს რუსეთის გავლენას აფხაზეთზე და ცდილობს თავი დაიმკვიდროს როგორც რუსეთის ალტერნატივამ 


თურქეთი, როგორც რუსეთის ალტერნატივა აფხაზეთში?

 

თურქეთი არ მალავს, რომ მას რეგიონში საკუთარი თავის ლიდერად დამკვიდრება სურს. აღნიშნულის დემონსტრირება ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს მოხდა, როცა თურქეთი კავკასიის სტაბილურობისა და პარტნიორობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პლატფორმის მთავარ მიზანს კავკასიაში უსაფრთხოების ახალი ბლოკის შექმნა წარმოადგენდა, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი გაერთიანდებოდნენ. აღნიშნული ინიციატივა, არა მხოლოდ სამშვიდობო მისიას, არამედ თურქეთის როლის გაძლიერებასაც ემსახურებოდა კავკასიაში, თურქეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი თავი ძლიერ რეგიონულ მოთამაშედ.

 

უდავოა, თურქეთს საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის გაზრდის სურვილი აქვს აფხაზეთშიც, თუმცა  მეორე საკითხია, რამდენად შესწევს აღნიშნულის ძალა – ყირიმის მოვლენებმა ნათელი გახადა (თურქეთი შეეცადა დაეცვა ყირიმელი თათრების ინტერესები, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი მცდელობით შემოიფარგლა), რომ თურქეთი რუსეთთან რაიმე სახის დაპირისპირებაში შესვლას სრულებითაც არ გეგმავს. უფრო მეტიც, ახლმა ენერგო პროექტებმა რუსეთსა და თურქეთს შორის, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმავოს პარტნიორობა, თურქეთისთვის კი, აფახაზეთში რუსეთთან კონფრონტაციის გარეშე ანგარიშგასაწევ ძალად თავის დამკვიდრება წარმოუდგენელია.

 

მიუხედავად კეთილმეზობლური და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისა საქართველოსთან, ამ მომენტისათვის რუსეთთან მეგობრობა თურქეთისათვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ახალი გაზის მილსადენის პროექტი ბევრად უფრო ბენეფიტურია თურქეთისათის ვიდრე აფხაზეთთან პარტნიორობა, შესაბამისად თურქეთი ამ პარტნიორობას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მედიატორის სტატუსის ძიებით არ დააზარალებს. შესაბამისად, თურქეთის გადადგმული ნაბიჯების ანალიზი ცხადხყოფს, რომ თურქეთი, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მედიატორის სტატუსის მაძიებელი არ არის.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეგულირების პროცესში ჩართულები არიან: გაერო, ეუთო და ევროკავშირი. მოლაპარკებები კონფლიქტის მხარეების ჩართულობით მიმდინარეობს ჟენევაში, თუმცა აღნიშული მედიაციის წარმატებულობაზე საუბარი რთულია. შესაბამისად ჩნდება კითხვა – რამდენადაა დაინტერესებული  კონფლიქტის მხარეები თურქეთის ჩართვით კონფლიქტის რეგულირების პროცესში?

 

რუსეთი, რომელიც აფხაზეთში მთავარი მოთამაშეა, კონკურენტის გაჩენას, რა თქმა უნდა, არ მიესალმება. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთი ცდილობს, შეავიწროვოს თურქეთის ეკონომიკური აქტივობა აფხაზეთში. ამის კარგი მაგალითია თურქული კომპანიის „გამოძევება“ ტყვარჩელის ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროდან. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, შეასუსტოს თურქეთის რელიგიური თუ საგანმანათლებლო აქტივობები აფხაზეთში.

 

აფხაზეთი, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული რუსეთზე, თურქეთის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე რუსეთთან ურთიერთობას არ გაამწვავებს. თურქეთი ინარჩუნებს რა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და ატარებს აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას, აფხაზურ მხარეს ნათელ მესიჯს უგზავნის, რომ აღიარების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება თურქეთის ჩართვას მოლაპარაკებების პროცესში, იმავე პოზიციას გაიზიარებს აფხაზეთიც.

 

საქართველოსთვის, ერთი მხრივ, შესაძლოა საინტერესო იყოს თურქეთის, როგორც მედიატორის, ჩართვა კონფლიქტის რეგულაციაში. შესაძლებელია ამგვარმა აქტივობამ „ახალი სიცოცხლე“ შესძინოს მოლაპარაკებების ჩიხში შესულ პროცესს. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო ნათლად ხედავს, რომ თურქეთი აფხაზეთთან დაკავშირებით ქართული მხარის ინტერესების იგნორირებას ახდენს, შესაბამისად, ანკარა ბოლომდე სანდო პარტნიორი არაა. აქედან გამომდინარე, არც ქართული მხარის ინტერესში უნდა იყოს ახალი შესაძლებლობებითა და სტატუსით კიდევ უფრო გააქტიურებული თურქეთი აფხაზეთში.

 

„ამ მომენტისთვის, არ არსებობს ფორმატი, რომელშიც თურქეთს შეუძლია ითამაშოს პოლიტიკური მედიატორის როლი ამ კონფლიქტში. უპირველეს ყოვლისა აქ არ არსებობოს რუსეთის სურვილი და რომც არსებობდეს, მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ხელსაყრელია ჩვენთვის ახალი მედიატორის გაჩენა ევროკავშირისა და სხვა ორგანიზაციების ხარჯზე. თუკი სხვების ხარჯზე არ გაჩნდება მაშინ იმდენად კომპლექსურ სისტემას ვიღებთ, რომ ჩემი აზრით არ ღირს ახალი მოთამაშის დამატება, რადგან ძალიან ბევრი უცნობი იქნება ამ სისტემაში“.

საბოლოოდ, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში თურქეთის, როგორც მედიატორის, როლის განხილვა ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი, რადგან კონფლიქტში ჩართული მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ იდეას განხორციელება არ უწერია. ქართული მხარისათვის კი ამოსავალ წერტილად უნდა იქცეს თურქეთთან 2010 წლის მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა, რომლის ფარგლებში შემუშავდება სამუშაო სამართლებრივი ჩარჩო და გაგრძელდება მხარეთა თანამშრომლობა.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი