შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური მადლობას უხდის პოლიციელებსა და გიორგი გახარიას, რომლებმაც, მისი თქმით, 20 ივნისს სახელმწიფოებრიობა დაიცვეს.
გომელაური ასევე ამბობს, რომ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უსაფრთხეობის სამსახურს ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა სხდომის წაყვანა და სხვა მოვლენები უკვე დაუგეგმავად განვითარდა.
“ძალიან სამწუხაროა, რაც 20 ივნისს მოხდა. დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ისე – პოლიციელები. რთულია იმის თქმა, ვინ როგორ მოიქცეოდა. როცა დამთავრდება, მარტივია თქმა, ასე ვიზამდი ან ის რატომ არ ქნეს… ძალიან რთულია, როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, უკაცრავად და ფეხით თელავენ, ჩაფხუტებს გლეჯენ. შეიძლება გადაცდომები იყო. ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუმცა მარტო პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ უნდა მივუდგეთ. მინდა მადლობა გადავუხადო რიგითიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. ოცი წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა”, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, კადრებში ნათლად ისმის ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მოწოდება პარლამენტის შენობაში შეჭრის შესახებ: “მგონი, ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა იმ ბიჭებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ჩვენი სახელმწიფო დაიცვეს.”