ახალი ამბები

ირაკლი ვაჭარაძის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე გიორგი გაბედავა დაკითხეს

27 თებერვალი, 2015 •
ირაკლი ვაჭარაძის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე გიორგი გაბედავა დაკითხეს

ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის განცხადებით, მას განადგურებით დაემუქრნენ ამ უკანასკნელის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის 2015 წლის ეპისტოლეს თაობაზე.

“ამ პიროვნებას [გაბედავას] ]არ ვიცნობ. ერთხელაც არ შემხვედრია არსად, შემთხვევითაც კი. 7 იანვარს გავემგზავრე ყირგიზეთში კონფერენციაზე. ჩასვლისთანავე ჩავრთე ტელეფონი, რომელზეც დაინსტალირებული მაქვს პროგრამა Viber. მასზე შემოდიოდა ზარი მოსკოვის ნომრით. ეს სკრინი საჯაროდ დავდე ფეისბუკზე. გაბედავა, რომელმაც ჩემთვის ოფიციალურად გაუგებარია, საიდან გაიგო ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მომძებნა ვაიბერში, რეკავდა განუწყვეტლივ. მემუქრებოდა სხვადასხვა ფორმით და დაახლოებით 20-მდე ხმოვანი შეტყობინება დატოვა, რადგან არ ვპასუხობდი. შინაარსი ამ შეტყობინებების არის უწმაწური, უბინძურესი და უღირსი. იდენტობის იურისტებმა პოლიციას მიმართეს 8 ან 9 იანვარს. საქართველოში დავბრუნდი და დამირეკა პოლიციამ, შევხვდი მათ 13 იანვარს და ის ყველაფერი, რაც უკვე საჯაროდ მქონდა დადებული, კიდევ ერთხელ მოვუყევი”, – ამბობს ვაჭარაძე და დასძენს, რომ პოლიციას ის აუდიომტკიცებულებებიც გადასცა, რომელიც თავის დროზე არ გაუსაჯაროებია მისი უხამსი შინაარსის გამო.

 

ვაჭარაძის თქმით, მუქარის პარალელურად, გაბედავა მის საცხოვრებელ ტერიტორიაზეც მიანიშნებდა.


რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოახდინა იმის იდენტიფიცირება, გაბედავა ურეკავდა ვაიბერზე თუ ვინმე სხვა, ვაჭარაძე ამბობს:

“ჯერ ერთი, თვითონ წერდა. მერე ფოტოც დაიხატა… მისი პროფილია და, რასაკვირველია, ხმითაც. 20-მდე ჩანაწერი მაქვს მისი ხმით”, – ამბობს ვაჭარაძე.

 

თავად გაბედავა ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში ადასტურებს, რომ ირაკლი ვაჭარაძეს შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა, თუმცა მუქარას უარყოფს.

 

“ეს რომ მართალი იყოს, გამოძიება არ დაიწყებოდა. მტკიცებულებების გარეშე გამოძიება არ დაიწყებოდა”, – ამბობს ვაჭარაძე გაბედავას ამ განცხადების საპასასუხოდ.

 

151-ე მუხლი, რომლითაც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული ჩადენილი ამ მუხლით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

შსს-ში ზემოხსენებულ გამოძიებაზე ჯერჯერობით დამატებით კომენტარს არ აკეთებენ, ამიტომ უცნობია, გამოკვეთილია თუ არა ბრალდებული, რადგან თავის დროზე “იდენტობა” მხოლოდ გაბედავაზე არ საუბრობდა. საჩივარში ორგანიზაცია მიუთითებდა იმ პირებზე, რომლებმაც განახორციელეს მუქარა. მათგან ერთ-ერთმა, ლადო სადღობელაშვილმა “იდენტობის” აკრძალვის მოთხოვნით ორგანიზაციის ოფისთან აქცია დააანონსა, თუმცა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ გადაიფიქრა.

 

საპატრიარქომ 9 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “იდენტობამ” პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯა, რითაც მორწმუნეთა აღშფოთება გამოიწვია. საპატრიარქო მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ “იდენტობასთან” საპროსტესტო აქცია არ ჩაატარონ.

 

მანამდე სამოქალაქო პლატფორმამ “არა ფობიას” და ომბუდსმენმა “იდენტობის” და ირაკლი ვაჭარაძის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე განცხადებები გაავრცელეს და მოუწოდეს სამართალდამცავებს რეაგირებისკენ.

 

“იდენტობის” წინააღმდეგ განცხადება გააკეთა გიორგი გაბედავამაც, რომელიც წარსულში ეწინააღმდეგებოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული დღის აღნიშვნას საქართველოში. ის 10 იანვარს “იდენტობის” ოფისთან აქციას გეგმავდა.

 

“სამართალდაცავებს მთავარი გამოცდა აქვთ დღეს, რამდენად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას”, – აცხადებდა “იდენტობის” ხელმძღვანელი ანა რეხვიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი