ახალი ამბები

კაცმა, რომელიც ლგბტ ადამიანებს “კურნავდა”, თქვა, რომ გეია

4 სექტემბერი, 2019 • 2815
კაცმა, რომელიც ლგბტ ადამიანებს “კურნავდა”, თქვა, რომ გეია

ე.წ. გარდაქმნის თერაპიის ცენტრის დამფუძნებელმა და ამ მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთმა გავლენიანმა კაცმა წარსული საქმიანობის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ თავად არის გეი. შესაბამისი ინტერვიუ აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მცხოვრებმა მაკქრეი გეიმმა ადგილობრივ გამოცემას მისცა და საბოდიშო პოსტი “ფეისბუქზეც” გამოაქვეყნა.

სანამ ზემოაღნიშნული განცხადებები იქნებოდა, გეიმი, რომელსაც ცოლი და 2 შვილი ჰყავს, 20 წლის მანძილზე მუშაობდა “თერაპიის” მიმართულებით და ირწმუნებოდა, რომ ლგბტქ ადამიანების იდენტობის შეცვლა შესაძლებელია. მასვე ეკუთვნოდა სლოგანი “თავისუფლება ჰომოსექსუალობისგან იესო ქრისტეს მეშვეობით”. ამ პერიოდში მან რელიგიურ სწავლებებზე დაფუძნებული ცენტრიც გახსნა, რომლის დირექტორთა საბჭომაც ის 2 წლის წინ დაითხოვა. პირველად საკუთარ ორიენტაციაზე მიმდინარე წლის ივნისში ალაპარაკდა.

“ეს ყველაფერი ჩემი წარსულია, მაგრამ ბევრს, ძალიან ბევრს ახლაც სჯერა, რომ მათში რაღაც ცუდი ხდება; ცუდი ხდება იმ ხალხში, რომლებიც არჩევენ, რომ ღიად იცხოვრონ, როგორც გეებმა, ლესბოსელებმა, ტრანსგენდერებმა და ა.შ. სირცხვილისა და გმობის ეს დამაზიანებელი ციკლი უნდა დასრულდეს”, – დაწერა მან “ფეისბუქზე”, ადგილობრივ გამოცემას კი უთხრა:

“გარდაქმნის თერაპია მხოლოდ ტყუილი არ არის, ეს ძალიან საზიანოა”.

“მე ვიყავი რელიგიური ფანატიკოსი, რომელიც ხალხს ავნებდა. ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ თვითმკვლელობა სცადეს ჩემ გამო და იმის გამო, რასაც მათ ვეუბნებოდი. ვიცი ხალხი, რომელიც ამ თერაპიაში ჩემ გამოა ჩაბმული. რაღატომ უნდა მომინდეს ამის გაგრძელება?”

მაკქრეი გეიმი ერთ-ერთია “გარდაქმნის თერაპიის” მრავალ ყოფილ წარმომადგენელს შორის, რომლებიც ამჟამად გმობენ აღნიშნულ პრაქტიკას. 2014 წელს ამ სფეროს 9 ყოფილი ლიდერის ღია წერილი გავრცელდა, სადაც”თერაპია” “არაეფექტურად და საზიანოდ”  მოიხსენიეს და მისი დასრულებისკენ მოუწოდეს საზოგადოებას. კიდევ ერთმა “თერაპევტმა” მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა განცხადება, დაგმო პრაქტიკა და მოუბოდიშა ყველას, ვისაც თავისი წარსული საქმიანობით ზიანი მიაყენა.

ე.წ. გეი გარდაქმნის თერაპია ფსევდომეცნიერული პრაქტიკაა, რომელიც ირწმუნება, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია. NBC წერს, რომ “თერაპიის” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა საუბრის სეანსია, თუმცა ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის უილიამსის ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგჯერ ამ დროს ელექტროშოკსა და სხვა გზებსაც მიმართავენ. მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარი ჯანდაცვის ასოციაცია, მათ შორის “ამერიკის სამედიცინო ასოციაცია” და “ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია”, აღნიშნულ პრაქტიკას უარყოფს.

უილიამსის ინსტიტუტის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 700 000 ლგბტქ ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია ე.წ. გარდაქმნის თერაპია ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ანგარიშის თანახმად, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლის მცდელობები რთულ მენტალურ მდგომარეობას, ხშირად კი სუიციდისაკენ მიდრეკილებასაც უკავშირდება.

აშშ-ის 18 შტატი, ასევე ვაშინგტონი, არასრულწლოვანთათვის აღნიშნულ პრაქტიკას კანონის დონეზე კრძალავს. დიდ ბრიტანეთში კი გასულ წელს მიიღეს გადაწყვეტილება, საბოლოოდ აიკრძალოს აღნიშნული “თერაპია” ყველასათვის, სახელმწიფოს მასშტაბით.

გარეკაზე: მაკქრეი გეიმი. ფოტო: Post and Courier

მასალების გადაბეჭდვის წესი